ამუკი, კრებითი სახელი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლებისა ანთაქიის (ანტიოქიის) ველზე (თურქეთი, ჰათაის ვილაიეთი), ხმელთაშუა ზღვის ჩრდ.-აღმ. კუთხესთან.
აქ, ამიკის ტბის მიდამოებში, 1934–54 ამერ. არქეოლოგებმა რ. და ლ. ბრაიდვუდებმა აღმოაჩინეს და გათხარეს რამდენიმე ნამოსახლარი გორა (თელ-ელ-ჯუდეიდე, ჩათალ-ჰუიუქი, თელ-თაინათი, თელ-ზაჰაბი, თელ-ქურდუ, თელ-აჩანაჰი) და სხვა ძეგლები (მაგ., გამოქვაბული უადი-ალ-ჰამამი). ნამოსახლარი გორების ქვედა ფენა განეკუთვნება ე. წ. სირია-კილიკიის ნეოლითს (ძვ. წ. VI ათასწლ.), ზედა ფენები კი – შუა საუკუნეებს. კავკასიისმცოდნეობის თვალსაზრისით საყურადღებოა ქვემოდან მერვე ფენა, რ-შიც აღმოჩნდა ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი კერამიკა.
თარიღდება ძვ. წ. III ათასწლ. შუა წლებით.
ლიტ.: B r a i d w o o d R., Braidwood L., Excavations in the Plain of Antioch, pt 1 – The earliar assemblages phases, Chi.-Illinois, 1960.
რ. რამიშვილი
ი. გაგოშიძე