ამფორა

ამფორა (ლათ. amphora < ბერძნ. Amphoreus), ანტიკური ხანის თიხის (იშვიათად ლითონის) ვიწროყელიანი ორყურა ჭურჭელი.

იხმარებოდა ღვინის, ზეთის, მარცვლეულის და სხვ. შესანახად და გადასატანად. არსებობდა სუფრის ა-ებიც, რ-ებიც არქაულ და კლასიკურ ხანაში, ჩვეულებრივ, მოხატული იყო. ცნობილია ანდოკიდეს, ექსეკიას, ამასისისა და სხვათა მოხატული ა-ები. პანათენურ თამაშებში გამარჯვებულებს აჯილდოებდნენ ზეთით სავსე, ე. წ. პანათენური ა-ებით. სოხუმში, ვანში, ქობულეთში, დაბლაგომში, ბიჭვინთაში და სხვ. აღმოჩენილია ანტ. სამყაროს სხვადასხვა ცენტრში (სინოპი, როდოსი, ქიოსი, თასოსი და სხვ.) ძვ. წ. VI და შემდგომ საუკუნეებში დამზადებული ა-ები. საქართველოში მზადდებოდა ე. წ. კოლხ. ა-ები, რ-ებიც აღმოჩენილია საქართველოს ფარგლებს გარეთაც (ყირიმი).

ცნობილია ქ. დიოსკურიის დამღიანი ა.

ი. გაგოშიძე