ამქრული წყობილება

ამქრული წყობილება, ერთი და იგივე ან მონათესავე პროფესიის ხელოსანთა გაერთიანების სისტემა ფეოდალურ ეპოქაში.

ფეოდ. ქალაქებში სამრეწვ. წარმოების ძირითადი ფორმა ხელოსნობა იყო, რ-ის განვითარებამ შუა საუკ. საზ-ბაში ა. წ-ის ხასიათი მიიღო. ხელოსანთა კავშირების ჩანასახები შეიმჩნევა ანტ. ეპოქაში, მაგრამ ამქარი, როგორც წარმოების ორგანიზაციის ძირითადი ფორმა, IX ს-იდან ჩნდება ბიზანტ. და იტალ. ფეოდ. ქალაქებში. ბიზანტ. იმპ. ლეონ VI-ის ედიქტისა და „ეპარქოსის წიგნის“ მიხედვით, ეპარქოსი (ქალაქის უფროსი) აწესრიგებდა და კონტროლს უწევდა 22 დარგის ხელოსანთა ამქრების საქმიანობას. ხელოსანთა კავშირები იყო ინგლ., საფრ., გერმ. და ევრ. სხვა ქალაქებში, სადაც ა. წ. სრული ფორმით XI–XV სს-ში ჩამოყალიბდა. ამქართა შინაგან საქმეებს განაგებდა ამქრის წევრთა საერთო კრება, რ-იც იღებდა წესდებას, ირჩევდა დიდოსტატს (უსტაბაშს) და სხვ. ამქარი მონაწილეობდა თავისუფალ ქალაქთა პოლიტ. ცხოვრებაში და ემორჩილებოდა ქალაქის საერთო ხელმძღვანელობას, რ-იც ამტკიცებდა წესდებას, ამქრის უსტაბაშს და სხვ. ამქრის წოდებრივი ორგანიზაცია სამსაფეხურიანი იყო: ოსტატი, ქარგალი, შეგირდი. ამქრის სრულუფლებიან წევრად ითვლებოდა მხოლოდ ოსტატი, რ-საც ჰქონდა თავისი სახელოსნო, ხელოსნობის შესაბამისი ხელსაწყო-იარაღები, ხშირად ნედლეულიც მასვე ეკუთვნოდა. ამასთან, ფეოდ. ეპოქის ხელოსანი, უწინარეს ყოვლისა, მხოლოდ თავისი ხელობის ოსტატი იყო და ამდენად – წარმოების ხელმძღვანელიც (ორგანიზატორი). ოსტატი იყო ისეთი კაპიტალის (ხელსაწყო-იარაღების და სხვ.) მფლობელი, რ-იც აუცილებლად სჭირდებოდა მუშაობის დროს. ესაა წოდებრივი კაპიტალი. ოსტატს საკუთარი კაპიტალი შეეძლო გამოეყენებინა როგორც თავისი შრომის საშუალება. იგი მეწარმე და უშუალო მწარმოებელიც იყო და ვაჭრის როლშიც გამოდიოდა. ოსტატი, როგორც მუშა და მასწავლებელი, ხელობის „საიდუმლოებას“ უშუალოდ წარმოების პროცესში უზიარებდა შეგირდს. ამქრული ხელოსნობის შეგირდ-ოსტატის ურთიერთობაში არ არსებობდა პრაქტიკისაგან გამოყოფილი თეორია. შეგირდს თავისი დაკვირვებით, გულმოდგინებით, ოსტატის „ხასიათთან“ შეგუებით უნდა ესწავლა ხელობა. ა. წ-ის გვიანდ. პერიოდში შეგირდის გაოსტატებას მრავალი დაბრკოლება ელოდებოდა: კონკურენცია, საკუთარ ეკონ. მდგომარეობაზე ზრუნვა და სხვ. ამქრის წევრებმა შეგირდის გაოსტატების გასაძნელებლად შექმნეს გარდამავალი საფეხური – ქარგლობა. ქარგალი იყო მუშა, რ-საც უკვე გავლილი ჰქონდა შეგირდობის 1–5-წლიანი ვადა. ა. წ-ის პატრიარქალურ ურთიერთობათა ხლართებში ოსტატი ერთნაირად უწევდა ექსპლუატაციას შეგირდსაც და ქარგალსაც. XVI ს-იდან დას. ევროპაში ა. წ. საწარმოო ძალათა შემდგომი განვითარების დაბრკოლებად გადაიქცა. ხელოსნობის, როგორც ამქრული წარმოების, წინააღმდეგ გამოვიდა ახ. კერძო მეწარმეობა. ამქრობა ამა თუ იმ სახით განვითარებული იყო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, ირანში, არაბთა სახელმწიფოს სამფლობელოებში. სელჩუკთა სახელმწიფოებში ხელოსნური წარმოების რეგლამენტაცია და თვით ხელოსანთა გაერთიანებანი მეტ-ნაკლებად წააგავდა დას. ევრ. ამქრებს, მაგრამ ევრ. ქვეყნებში ძლიერ იგრძნობოდა ცენტრ. ხელისუფლების მომწესრიგებელი ძალა. დაახლ. ასევე იყო თურქ. სამფლობელოებში (ასნაფები, ესნაფები). რუსეთში ხელოსანთა კავშირების ჩანასახი შეიმჩნევა XI–XIII სს-იდან. საგულისხმოა ნოვგოროდისა (XII ს.) და მოსკ. (XIV–XVII სს.) წვრილ მწარმოებელთა გაერთიანების ნიშნები. აქ ხელოსანთა კორპორაციებს დას. ევრ. ქალაქთა ა. წ-ის დონემდე არ მიუღწევია. საქართველოში, მცხეთაში, ზოგიერთი სახის ხელოსნობა უკვე VI ს-იდან ატარებდა კორპორაციულობის აშკარა ნიშნებს, რაც რელიგ. და ეკონ. ინტერესების დაცვაში ვლინდება. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ შემონახულ ცნობას მცხეთელ მეჯადაგეთა (მეჯღანეთა) და მეხამლეთა (მეწაღეთა) გამოსვლის შესახებ. მონასტრებსა და მსხვილ ფეოდ. მამულებში (მეურნეობებში) ხელოსანთა გაერთიანებების არსებობაზე მოგვითხრობს IX–XIV სს. ისტ. წყაროები. მეტწილად შემონახულია ცნობები წიგნის გადამწერ ხელოსანთა (სკრიპტორთა) ამქრის (თაბუნის) შესახებ. მნიშვნელოვანია 1310 ცნობა იმის შესახებ, რომ ქურმუხის მთავარეპისკოპოსის ბრძანებით, მღვდლის ი. ქიტიაშვილის ხელმძღვანელობით 12 მოწაფე-გადამწერი ეწეოდა საისტ., საეკლ. და ფილოს. თხზულებათა და სახელმძღვანელოთა მასობრივ გადაწერასა და გავრცელებას. როგორც კ. კეკელიძე შენიშნავს, აქ საქმე უნდა გვქონდეს გადამწერთა ამქრულ კოოპერაციასთან. XI–XIV სს-ში ხელოსანთა კავშირები განვითარებული იყო ამიერკავკ. ქალაქებში – ქუთაისში, თბილისში, ანისში, განჯაში, შემახაში და სხვ. ქართ. ა. წ-ის სრულქმნილი ფორმა უკვე გვხვდება XVIII და, განსაკუთრებით, XIX სს. რეფორმამდელ პერიოდში. ჯერჯერობით მიკვლეული არ არის ამქრების ადრინდ. სტატუსები. საქართველოში ა. წ-მ ყველაზე განვითარებული და დასრულებული ფორმა მიიღო თბილისში, აქედან ამქრობის ნორმები და ფორმები ვრცელდებოდა ამიერკავკ. სხვა ქალაქებშიც. 1840-იან წლებამდე თბილისში ამქრობა ძვ. ტრად. საფუძველზე ვითარდებოდა. ამქარი გამომღებელი ერთეულიც იყო. უსტაბაში ამქრის წევრთა შორის ანაწილებდა და კრეფდა სახელმწ. თუ ადგილ. გადასახადს და ხაზინას აბარებდა. ამქარს ჰქონდა სალარო, სადაც შედიოდა შესასვლელი (დასალოცი) შენატანი, სახელოსნოს (დუქნის) გაღებაზე დაწესებული მოსაკრებელი, სხვადასხვა ნებაყოფლობითი შენატანი, შეწირულობა, ჯარიმა. სალარო ხაზინადარს ებარა. სალაროდან ამქრის წევრს ეძლეოდა სესხი. თითოეულ ამქარს თავისი დროშა ჰქონდა. უსტაბაშს (და მის თანაშემწეებს – აღსაჰყალებს) ამქრის წევრთა კრებაზე ირჩევდნენ. მათ ადრე ამტკიცებდა მეფე, ხოლო XIX ს-ში –- ქალაქის გამგეობა. შეგირდად ღებულობდნენ 12–18 წლის ახალგაზრდას. იგი სწავლის ქირას არ იხდიდა, მაგრამ არც ხელფასს იღებდა. ოსტატს 1–3 შეგირდი ჰყავდა. ოსტატსა და შეგირდს შორის დამოკიდებულება „მამაშვილური“ იყო. ადრე 2–5 წლის შემდეგ შეგირდი ოსტატი ხდებოდა, შემდეგ კი გაჩნდა ახ. საფეხური – ქარგლობა, რაც თავდაპირველად 1 წელს, ხოლო მოგვიანებით უფრო მეტხანს გრძელდებოდა. ქარგლისათვის (შეგირდისათვის) ოსტატის წოდების მინიჭების რიტუალი საზეიმო ვითარებაში ტარდებოდა. ოსტატად კურთხევისას შეგირდს (ქარგალს) ოსტატისათვის ძღვენი უნდა მიერთმია, ხოლო ოსტატს შეგირდისათვის ხელსაწყო-იარაღი ეჩუქებინა. 1852 გამოცემული კანონი აწესრიგებდა ამიერკავკასიაში ხელოსანთა ორგანიზაციების საკითხს ისე, რომ ერთი შეხედვით ხელუხლებელს ტოვებდა ა. წ-ის საწყისებს, მაგრამ იგი მაინც მიუღებელი აღმოჩნდა. 1859 კანონით თბილისში მყოფ რუს და უცხოელ ხელოსნებს „კვლავინდებურად შეეძლოთ“ ემუშავათ ამქრებში შეუსვლელად. ეს მოასწავებდა ადგილ. ა. წ-ის დაშლას ადმ. ჩარევით. იზრდებოდა ამქართა გადასახადებიც, ამის გამო მოხდა 1865 თბილისში ამქართა აჯანყება. ოსტატს, ქარგალსა და შეგირდს შორის ძვ. პატრიარქალური ურთიერთობა სულ უფრო მწვავდებოდა XIX ს. II ნახევრიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1867 კანონით თბილისში ხელოსანთა ძველებური ამქრობა დაიშალა. ქარგლები ცალკე კავშირებში ერთიანდებოდნენ და ზოგჯერ გაფიცვებისა და სხვა სახით იბრძოდნენ ოსტატთა კორპორაციების წინააღმდეგ. ეს ანტაგონიზმი მით უფრო ძლიერდებოდა, რაც უფრო ვითარდებოდა კაპიტალიზმი და რაც უფრო უხეშად ერეოდა ცარიზმის ბიუროკრატია ამქრული წარმოების „მოწესრიგებაში“. ამქარი ოფიციალურად 1867 გაუქმდა, მაგრამ ამა თუ იმ სახით იგი 1921-მდეც კი არსებობდა.

პ. გუგუშვილი