„დინარა“

დინარა, ,,მ ო თ ხ რ ო ბ ა  დ ი ნ ა რ ა ზ ე", ძველი რუსული ლიტერატურული ძეგლი. ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით. ავტორი უცნობია. ვარაუდობენ, რომ იგი მოსკოველ მწიგნობარ-დიპლომატთა წრიდან იყო.

მოთხრობა დაწერილია XV ს. ბოლოს ან XVI ს. I ნახევარში (ძეგლის უძველესი რუს. ნუსხაა 1564–65). „დ." პირველი რუს. ძეგლია საქართვ. შესახებ. მოქმედება ხდება საქართველოში (ივერია). მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, თუ რა კონკრეტული მოვლენები და პერსონაჟები არიან წარმოდგენილი ძეგლში.

უმრავლესობის აზრით, დინარაში იგულისხმება თამარ მეფე. მოთხრობის გმირი დინარა ტახტზე ადის მამის სიკვდილის შემდეგ. მამამისს „ძე არ ესვა" (მსგავსად გიორგი III-ისა, რ-მაც თავისი ასული თამარი გაამეფა). ძეგლი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ მოსთხოვა სპარსთა მეფემ დინარას ხარკი და როგორ მიიღო მისგან ღირსეული პასუხი. ყოველივე ეს ძალიან ჰგავს თამარ მეფისა და სულთან რუქნადინის მიმოწერას, რ-იც „ქართლის ცხოვრებაშია" შეტანილი.

რუსულ თხზულებაში აღწერილი სპარს.-საქართვ. ომი, დინარას გამარჯვება და სპარსეთიდან ნადავლის წამოღება მოგვაგონებს თამარის დროინდელ ამბებს. ძეგლში ვხვდებით ისეთ ეპიზოდებს, რ-ებიც საქართველოში არ მომხდარა და, როგორც ჩანს, ავტორის ფანტაზიის ნაყოფია.

„დ." პოპულარული იყო XVI–XVII სს. რუსეთში, რასაც მოწმობს მისი ნუსხების დიდი რაოდენობა, აგრეთვე მემატიანის ცნობა, რომლის თანახმად ივანე IV (მრისხანე) ყაზანის აღების დროს, 1552, თავის ჯარს დინარას ბრძოლის მაგალითით ამხნევებდა. ამ ეპიზოდზეა ლაპარაკი ი. ჭავჭავაძის „აჩრდილის" პირველი ვარიანტის (1859) ერთერთ თავშიც („იოანემა, რუსთ ხელმწიფემა, თვისი ლაშქარი, დასუსტებული" თამარ მეფის მიერ შამქორის ველზე მოპოვებული გამარჯვების მაგალითით „გაამამაცა").

პუბლ: რუსი მწერლები საქართველოს შესახებ (შემდგ. ვ. შადური), თბ., 1949.

ლიტ: ბ უ ა ჩ ი ძ ე თ., ლიტერატურული წერილები, წგ. 2, თბ., 1970; რუსული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; შ ა დ უ რ ი  ვ., ერთი რუსული მოთხრობა საქართველოზე, «ლიტერატურული საქართველო », 1986, 21 მარტი; ც ი ნ ც ა ძ ე  ი., რუსული თქმულების „დინარას" საკითხისათვის, «თსუ შრომები», 1939, ტ. 10.

ვ. შადური