ანაგა

ანაგა, სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), ალაზნის ვაკეზე. ზ. დ. 400 მ, სიღნაღიდან 6 კმ, წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 9 კმ. სათავო სოფელი. 2,0 ათ. მცხ. (2014).

ღვინის ქ-ნა. ა. ახმეტელის სახლმუზეუმი. ა. იხსენიება XVII ს. საბუთებში. სოფლის შუაგულში დგას XVIII–XIX სს. ხუროთმოძღვრების ძეგლი, ნინოწმინდის დარბაზული ეკლესია. აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. გადახურულია პილასტრებზე დაყრდნობილ საბჯენ თაღებზე ამოყვანილი შეისრული ფორმის კამარით. შენობა შიგნით და გარედან შელესილია (ეკლესიას პირვანდელი სახე დაკარგული აქვს). დას. კედლის თავზე გეგმით მრგვალი სამრეკლოა დადგმული (მოგვიანო ხანისა). სოფლის სამხრ.-დას. ნაწილში დგას „დედა მარიამის“ დარბაზული ეკლესია, რ-ის აფსიდი კედლების სწორკუთხედშია მოქცეული, მიეკუთვნება XVIII ს.; ინტერიერი შელესილია და შეთეთრებული. ფასადების მორთულობა მარტივია – გამოყენებულია ჩაღრმავებული ჯვრები და რომბები. დას. კედელზე აქაც სამრეკლოა დადგმული. ძეგლი გადახურულია კრამიტით. სოფლის ჩრდ. ნაწილში, განაპირას, წმ. გიორგის დარბაზული ეკლესიაა (VIII–IX სს.). აღმ-ით შვერილი აფსიდი აქვს. გადახურულია ნახევრად წრიული კამარით, რ-იც სატრიუმფო თაღს და გრძივ კედლებს ეყრდნობა. გარედან კედლები პილასტრებითაა დამუშავებული. ნაგებობა დაზიანებულია. სოფელში და მის მახლობლად შემონახულია განვითარებული და გვიანდ. შუა საუკ. ციხეები და კოშკები, აგრეთვე XVIII–XIX სს. სხვა ეკლესიებიც. ა-ში მოქმედებს მთავარანგელოზის ქართ. მართლმადიდებელი ეკლესია. ა-ის ხევის ბოლოში ძვ. ნამოსახლარია, რ-საც ადგილ. მოსახლეობა „ნაქალაქარს“ უწოდებს. საძირკვლების გათხრის დროს ხშირად ნახულობენ სამარხ ქვაყუთებს საომარი და საოჯახო ნივთებით. კლდეში გამოკვეთილი გვირაბები, ბურჯების სიმრავლე, „ნაციხვარი“ სვავების კლდის ქვაბულებით ადასტურებს, რომ ნაქალაქარი ძლიერ გამაგრებული სათავდაცვო კომპლექსი იყო.

თ. დვალი

ბ. ნანობაშვილი