ანაკლია, სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე, შავი ზღვის ნაპირას, მდ. ენგურის შესართავთან. თემის ცენტრი (სოფლები: ა., თიქორი). ზ. დ. 3 მ, ზუგდიდიდან 39 კმ. ფოთიდან – 25 კმ, თბილისიდან – 375 კმ. 1,3 ათ. მცხ. (2014).
ა. ზღვისპირა კლიმ. კურორტია. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 5,40C) და ძალიან თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 22,90C). ნალექები 1440–1680 მმ წელიწადში, მზის ნათების ხანგრძლივობა – 2200 სთ. ზამთარში ხშირია ქარები. კურორტის ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორია ჰავა, ზღვის წყალი და პლაჟის ქვიშა. ა-ს იყენებენ სუნთქვის ორგანოებისა და სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ. ისტ. წყაროებში სახელწ. „ანაკლია“ „ანაკრიას“ ფორმითაც გვხვდება. XV–XVII სს-ში ოდიშის სამთავროს მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო.
XVIII ს. დასაწყისში ოსმალებმა მიიტაცეს და აქ ციხესიმაგრე ააგეს, რ-იც ტყვეთა ვაჭრობის კერად იქცა. 1805 რუს. ჯარმა დაიკავა, შემდგომ კვლავ ოსმალებმა დაიბრუნეს. ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით (1812) რუს. მფლობელობაში გადავიდა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა აკერმანის კონვენციამ (1826). ოსმალების მიერ აგებული ციხესიმაგრიდან შემორჩენილია ნანგრევები. გეგმით კვადრ. ციხის კუთხეებში თითო კოშკი იდგა, მათგან ჩრდ.-დას-ისა აღარ არსებობს, მდინარეს წაულეკავს. კოშკებს პირველ და მეორე სართულზე შესასვლელები ცალ-ცალკე ჰქონდა ეზოდან. კედლებში მოწყობილი იყო სათოფურები. საზარბაზნე მხოლოდ სამხრ.-დას. სწორკუთხა კოშკის გარე კედელშია შემონახული. ციხეს გარს არტყია ორიარუსიანი გალავანი, რ-ის ქვედა იარუსი ყრუა, ზედას კი ბილიკის დონეზე სათოფურები აქვს დატანებული. შესასვლელი დას-ით, მდინარის მხრიდან ჰქონდა (გალავანიც და ჭიშკარიც წალეკილია). ა-ის ციხე არ არის ტიპური დას. საქართველოსთვის. ციხის მშენებელ ოსტატს, როგორც ჩანს, ნიმუშად იმავე პერიოდის ქართლ-კახური ციხეები აუღია.
ბოლო პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა ა-ის საკურორტო ზონის განვითარების მიზნით. სანაპიროზე გაკეთდა ლამაზი ბულვარი, რომელმაც ორი სოფელი – ანაკლია და განმუხური – ერთმანეთს დააკავშირა ევროპაში ყველაზე გრძელი დაკიდებული საფეხმავლო ხიდით ენგურზე. აშენდა რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო. ზაფხულის სეზონზე ა-ში იმართება ფესტივალები.
საქართვ. რესპუბლიკის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად (2017) ა-ში უნდა შეიქმნას თავისუფალი ეკონ. ზონა, სადაც გავრცელდება სპეც. სამართლებრივი რეჟიმი. იგეგმება ასევე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რ-იც შეძლებს უმსხვილესი, 40 ათ. ტ-მდე ტვირთამწეობის გემების მიღებას. ა. და ღრმაწყლოვანი პორტი ერთიანად მოიაზრება როგორც რეგიონული ბიზნესჰაბი – კომერციული, ფინანს. და ტურისტული ცენტრი კავკასიაში; მნიშვნელოვანი სამრეწვ., სავაჭრო და ლოგისტიკური კვანძი ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე განვითარებული სახელმწიფო საგზაო, სარკინიგზო და საჰაერო ქსელებით.
ლიტ.: ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973; საქართველოს ბუნებრივი რესურსები, მთ. რედ. ირ. ჟორდანია, თბ., 2015; საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, თბ., 1995.
თ. ბერაძე
გ. უშვერიძე
პ. ზაქარაია
მ. თოქმაზიშვილი