ანა კომნენე (Anna Komnēnē) (1083 – დაახლ. 1148), ბიზანტიელი მწერალი და ისტორიკოსი, იმპ. ალექსი I კომნენოსის ასული.
მის კალამს ეკუთვნის „ალექსიადა“, რ-შიც აღწერა თავისი მამის ცხოვრება, დიდი ადგილი აქვს დათმობილი ჯვაროსანთა პირველ ლაშქრობას. საქართვ. ისტ. თვალსაზრისით საინტერესოა ის ცნობები, რ-ებიც საქართვ. მეფის, ბაგრატ IV-ის ასულის, დედოფალ მარიამის (მართაყოფილის) ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. ამ თხზულებიდან ცნობილი ხდება, თუ რა როლს თამაშობდა დედოფალი მარიამი ალექსი I-ის გამეფებაში, საერთოდ ბიზანტ. პოლიტ. ცხოვრებაში. ა. კ. მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის გრიგოლ ბაკურიანის ძეზეც, თუმცა შეცდომით მის სომხ. წარმომავლობას აღნიშნავს.
ლიტ.: ანნა კომნენე, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 6, თბ., 1966.
ნ. ლომოური