ანაკოფიის ბრძოლა, ბრძოლა ქართლის ერისმთავრისა და აფხაზთა ერისთავის გაერთიანებულ მხედრობასა და არაბთა ლაშქარს შორის VIII ს. 30-იან წლებში, ანაკოფიის ციხე-ქალაქთან.
„ქართლის ცხოვრების“ ცნობით, ამ ბრძოლაში ქართველთა და აფხაზთა ლაშქარმა, რ-საც სათავეში ედგნენ სტეფანოზ ქართლის ერისმთავრის ძეები მირი და არჩილი, დაამარცხა არაბები, რ-თაც სარდლობდა მურვან ყრუ, რის შემდეგ ისინი დას. საქართველოდან უკუიქცნენ.
„დავით და კონსტანტინეს მარტვილობის“ მიხედვით კი ქართველთა მცირე ლაშქარი ამ ბრძოლაში დამარცხებულა და შემდეგ არაბებს ეგრის-აფხაზეთის მთელი ზღვის სანაპირო აუოხრებიათ.
წყარო: დავით და კონსტანტინეს მარტვილობა, წგ.: ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგ. ს. ყუბანეიშვილის მიერ, [ტ.] 1, თბ., 1946; ჯუანშერი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ა. ბოგვერაძე