ანალიზური გეომეტრია, გეომეტრიის დარგი, რ-იც გეომეტრიული ობიექტების (წერტილები, წირები და ზედაპირები) თვისებებს შეისწავლის ალგებრისა და კოორდინატთა მეთოდის საშუალებით.
კოორდინატთა მეთოდის წარმოშობა დაკავშირებულია ასტრონ., მექან. და ტექ. განვითარებასთან (XVII ს.). ეს მეთოდი და ა. გ-ის საფუძვლები პირველად ზუსტად და ამომწურავად გადმოგვცა ფრანგმა მეცნ. რ. დეკარტმა „გეომეტრიაში“ (1637). კოორდინატთა მეთოდის ძირითადი იდეა მისი თანამედროვე ფრანგი მათემატიკოსის პ. ფერმასთვისაც იყო ცნობილი. ა. გ-ის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია გერმ. მეცნ. გ. ლაიბნიცის, ინგლ. მეცნ. ი. ნიუტონისა და, განსაკუთრებით, შვეიც. მათემატიკოსის ლ. ეილერის შრომებთან. ანალიზური მექან. ჩამოყალიბებისას ფრანგი მათემატიკოსი ჟ. ლაგრანჟი სარგებლობდა ა. გ-ის მეთოდებით, ხოლო ფრანგი მათემატიკოსი გ. მონჟი ამავე მეთოდებს იყენებდა დიფერენციალურ გეომეტრიაში. საქართველოში ა. გ. იმთავითვე შეტანილი იყო თსუ-ის საბუნებისმეტყველო-სამათემატიკო ფაკ-ტის სასწ. გეგმაში. ა. გ-ის კურსს თსუ-ში კითხულობდნენ ა. რაზმაძე, გ. ნიკოლაძე, ნ. მუსხელიშვილი, ა. ხარაძე და სხვ. ნ. მუსხელიშვილის „ანალიზური გეომეტრიის კურსი“ დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი ძირითადი საუნივერსიტეტო კურსი ყოფილი სსრკ-ის თითქმის ყველა უნ-ტისათვის.
ლიტ.: მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ნ., ანალიზური გეომეტრიის კურსი, თბ., 1962.