ანალიზური ფილოსოფია

ანალიზური ფილოსოფია, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რ-იც უარყოფს ფილოსოფიის დამოუკიდებელ საგანს, მის ონტოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ ფუნქციებს.

ფილოს. საქმის ადეკვატური განხორციელება ა. ფ-ს მხოლოდ ენის (სალაპარაკო ან მეცნიერულის) ანალიზის საფუძველზე მიაჩნია შესაძლებლად. ა. ფ-ის უშუალო წყაროებია ინგლ. ფილოსოფოსების ბ. რასელის და ჯ. მურის (რ-თაც „ანალიზის“ ცნება შეიმუშავეს) და განსაკუთრებით ავსტრ. ფილოს. ლ. ვიტგენშტაინის (რ-მაც ანალიზის მეთოდები შექმნა) მოძღვრებები. საქართველოში ა. ფ-ის სპეც. შესწავლა XX ს. 60-იანი წლებიდან იწყება. ა. ბეგიაშვილი შრომებში: „ანალიზის მეთოდი თანამედროვე ბურჟუაზიულ ფილოსოფიაში“ (თბ., 1960), „თანამედროვე ინგლისური ლინგვისტური ფილოსოფია“ (თბ., 1965; ორივე რუს. ენაზე) იძლევა ა. ფ-ის სხვადასხვა მიმართულებისა და ჯგუფის შეფასების კლასიფიკაციის პრინციპს, რ-იც, მისი აზრით, მდგომარეობს ანალიზის ბაზისისა და ანალიზის ტექ. პრობლემათა გადაწყვეტაში. ამასთანავე, იგი უჩვენებს, რომ „ანტიმეტაფიზიკური“ ტენდენციის თანმიმდევრულ განვითარებას ა. ფ-ის წარმომადგენლები ფილოსოფიაზე საერთოდ უარის თქმამდე მიჰყავს და მას მთლიანად ლინგვისტური ანალიზის სფეროში კეტავს. ვ. ერქომაიშვილს ეკუთვნის ა. ფ-ის თვალსაჩინო წარმომადგენლის, რ. კარნაპის შეხედულებათა კრიტ. ანალიზი. კარნაპი თვლიდა, რომ მეტაფიზიკა უარიყოფა ენის ლოგიკური ანალიზით. ვ. ერქომაიშვილი გვიჩვენებს, რომ კარნაპი საკუთარი პრინციპის წინააღმდეგ არღვევს დაკვირვებადი ცდის საზღვრებს.

ლიტ.: XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია, თბ., 1970.

გ. თევზაძე