ანანიაშვილი იური შალვას ძე (დ. 6. III. 1951, სოფ. კოთელია, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი, ეკონომეტრიკოსი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2001).
დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი ეკონ. კიბერნეტიკის სპეციალობით (1973). მუშაობდა საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტის გამოთვლით ცენტრში ინჟინერ-პროგრამისტად (1973–74); ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა თბილ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ინჟინრად (1974); საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონ., დაგეგმვისა და მართვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უფრ. მეცნიერთანამშრომლად (1978–80). იყო თსუ-ის ეკონ. კიბერნეტიკის (შემდგომ ეკონ. ანალიზის მათ. მეთოდების) კათედრის ასისტენტი (1978–82), დოცენტი (1982–99), პროფესორი (1999–2006), ხოლო 2006-იდან არის ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელი, ეკონ. მიმართულების პროფესორი.
ა. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომისა, მ. შ. 4 მონოგრაფიისა და 4 სახელმძღვანელოსი, რ-ებიც ეხება ეკონომიკის მათ. მოდელირებისა და მაკროეკონ. პრობლემებს. მიღებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექ. დარგში (2004, ავტორთა ჯგუფთან ერთად), ღირსების ორდენი (2013) და ივ. ჯავახიშვილის სახ. პრემია (2014).
თხზ.: მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები, თბ., 2003 (თანაავტ.); გადასახადები, მოთხოვნა და მიწოდება: ლაფერ-კეინზიანური სინთეზი. თბ., 2009 (თანაავტ. ვ. პაპავა); Laffer-Keynesian Synthesis and Macroeconomic Equilibrium, N. Y., 2014 (თანაავტ. ვ. პაპავა).
მ. თოქმაზიშვილი