ანარქიზმი

ანარქიზმი (ბერძნ. anarchia – უხელისუფლებობა), საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რ-იც უარყოფს ყოველგვარ სახელმწიფო ხელისუფლებას, სახელმწიფოს პოლიტიკური ორგანიზაციის ყოველგვარ ფორმას, ქადაგებს პიროვნების ე. წ. აბსოლუტურ თავისუფლებას. საზ-ბის ეკონ. საფუძვლად თვლის კერძო საკუთრებას და უგულებელყოფს მსხვილი წარმოების როლს სოც. პროგრესის განხორციელებაში.

ა. წარმოიშვა XIX ს. 40 – 50-იან წლებში. ტერმ. „ანარქიზმი“ პ. პრუდონმა შემოიღო, ხოლო ა-ის იდეები საწყისს იღებს XVII – XVIII სს-ში. ა-ის იდეოლოგები მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ მ. შტირნერი, პ. პრუდონი, მ. ბაკუნინი, პ. კროპოტკინი და ჟ. გრავი. XIX ს. 70-იანი წლებიდან XX ს. დამდეგამდე ა-ის გავლენა თანდათან შემცირდა. სამაგიეროდ მის საფუძველზე ახ. მიმდინარეობა – ანარქიზმ-სინდიკალიზმი განვითარდა.

XX ს. დამდეგიდან ა. ერთგვარად გამოცოცხლდა. საქართველოში ანარქისტული იდეები ვრცელდებოდა ქართ. ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით. ანარქისტულ მოძრაობას სათავეში ედგნენ ვ. ჩერქეზიშვილი, მ. წერეთელი, კ. გოგელია, შ. გოგელია და სხვ. მათი მამამთავრი იყო ვ. ჩერქეზიშვილი, რ-იც ევროპაში მოღვაწეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საერთაშ. ანარქისტულ მოძრაობაში. საქართველოში ა-ის წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ისტორიასთან. 1904 მაისში ჟენევაში გაიმართა ქართ. ეროვნული ჯგუფების I კონფერენცია. ანარქისტებმა სრული სოლიდარობა გამოუცხადეს საქართვ. ეროვნ. პარტიებს და დაიწყეს თანამშრომლობა ე. წ. „ქართული რევოლუციური პარტიების“ ორგანოში „საქართველო“, რ-იც 1903 – 04 გამოდიოდა პარიზში. რევოლუციის წინ, 1905, ემიგრანტი ანარქისტები სამოღვაწეოდ საქართველოში ჩამოვიდნენ. აქ დაიწყეს საკუთარი ჟურნალ-გაზეთების („ნობათი“, „ხმა“, „მუშა“) გამოცემა, გამოაქვეყნეს რამდენიმე წიგნი და ბროშურა, გამოდიოდნენ ლექცია-მოხსენებებით, მონაწილეობდნენ სადისკუსიო შეკრებებსა და მიტინგებში. ანარქისტებმა ერთგვარი ზეგავლენა მოახდინეს წვრილბურჟ. ელემენტებზე, განსაკუთრებით გააქტიურდნენ დეკ. შეიარაღებული აჯანყების შემდეგ (1905).

ა-ის წინააღმდეგ იბრძოდნენ ქართვ. სოციალ-დემოკრატები. აჯანყების დამარცხების შემდეგ ანარქისტების ზოგიერთი ხელმძღვანელი გადაასახლეს, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა. საქართველოში დარჩენილი ანარქისტების არალეგალური ჯგუფები უშვებდნენ ჟურნალ-გაზეთებს და პროკლამაციებს, აწყობდნენ ტერორისტულ აქტებსაც. ეროვნ. საკითხთან დაკავშირებით ანარქისტებში გაჩნდა ორი დაჯგუფება: კოსმოპოლ. და ეროვნული. კოსმოპოლ. ჯგუფი (კ. და შ. გოგელიები) წინააღმდეგი იყო ერის პოლიტ. თავისუფლებისათვის ბრძოლისა და პოლიტ. ავტონომიისა. უარყოფდნენ ერს, ეროვნ. ბრძოლას და აღიარებდნენ მხოლოდ მჩაგვრელთა და ჩაგრულთა ბრძოლას. ეროვნ. ჯგუფი (ვ. ჩერქეზიშვილი, მ. წერეთელი და სხვ.) ამტკიცებდა, რომ ვერავითარი კლასთა ბრძოლა ვერ დაარღვევდა საზ-ბის მთლიანობას, ვერ მოსპობდა ერის შიგნით კლასთა ერთიანობასა და სოლიდარობას. I მსოფლიო ომის დროს ანარქისტული დაჯგუფებანი უფრო დაშორდნენ ერთმანეთს (ეროვნ. ჯგუფი „ობორონცობის“ პოზიციებზე დადგა, კოსმოპოლიტები – „პორაჟენცობისა“). საქართველოს დემოკრ. რესპ. არსებობის დროს ანარქისტების საქმიანობას გამოცოცხლება დაეტყო. შექმნეს წრეები, 1918 გამოუშვეს ჟურნ. „Анархия“, მაგრამ მუშაობა ვიწრო წრეებს არ გასცილებია და მალე ჩაკვდა.

ა. კიკვიძე