ანატომია

ანატომია ადამიანისა (ბერძნ. anatomē – გაკვეთა), მეცნიერება, რ-იც შეისწავლის ადამიანის ფორმასა და აგებულებას.

ა-ის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს არისტოტელემ და კ. გალენოსმა (131 – 211). გალენოსის ა-ის (რ-იც ძირითადად მაიმუნისა და ძაღლის შესწავლაზე იყო დაფუძნებული) კრიტიკული გადასინჯვა დაიწყო IX – XII სს-ში. თანამედროვე ა-ის ფუძემდებელია ბელგ. მეცნ. ა. ვეზალიუსი (1514 – 64). XVII ს-ში დასაბამი მიეცა მიკროსკოპულ ა-ს. ა-ის განვითარება რუსეთში დაიწყო მას შემდეგ, რაც პეტრე I-მა ჰოლანდიაში შეიძინა ფ. რუიშის ანატ. მუზეუმი. ნ. პიროგოვმა ცალკე დარგად განავითარა ქირურგ., ანუ ტოპოგრ. ა. ა-ის მეორე, გამოყენებითი (სახვით ხელოვნებაში) დარგია პლასტიკური ა., რ-იც შეისწავლის ადამიანის სხეულის ფორმას და პროპორციებს. XIX–XX სს. მიჯნაზე პ. ლესგაფტმა საფუძველი ჩაუყარა დინამ. ა-ს. XX ს. 30-იან წლებში ვ. შევკუნენკომ ჩამოაყალიბა ტიპობრივი ა. ქართ. მედ. ძეგლებში – „უსწორო რაბადინი“, „წიგნი სააქიმოჲ“, აგრეთვე თარგმნილ თეოლ.-ფილოს. ტრაქტატებში – „ბუნებისათვის კაცისა“, „კაცისა შესაქმისათვის“ და სხვ. მრავლად მოიპოვება ანატ. ტერმინები და ცნობები ა-იდან. „სამკურნალო წიგნი-კარაბადინის“ (XV ს.) ავტორი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი საინტერესოდ განიხილავს ცალკეული ორგანოების ა-სა და ფუნქციას. ს.-ს ორბელიანის ლექსიკონში განმარტებულია 50-მდე ანატ. და ფიზიოლ. ტერმინი.

მეცნ. ა-ის განვითარებას საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ა. ნათიშვილმა. მან დააარსა ა-ის კათედრები თსუ სამკურნ. ფაკ-ტზე, თბილ. სამხატვრო აკადემიაში, ფიზკულტ. და ზოოვეტ. ინტებში, უხელმძღვანელა ქართ. ანატ. ტერმინოლოგიის დამუშავებისა და გამოცემის საქმეს (1919 გამოიცა 3 პატარა წიგნად, ხოლო 1930 ერთი წიგნის სახით) და დაწერა ა-ის პირველი ორიგინ. სახელმძღვანელოები („ადამიანის ანატომია“, 1920; 1974 VI გამოცემა და სხვ.). 1946 საქართვ. მეცნ. აკადემიასთან მისი თაოსნობით შეიქმნა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი. ქართვ. ანატომთა შრომების დიდი ნაწილი ეხება საჭმლის მომნელებელი სისტემის განვითარებასა და ჩამოყალიბებას (ა. ნათიშვილი, ზ. მაისურაძე, ვ. ცეცხლაძე) და საჭმლის მომნელებელი ორგანოების გარდაქმნას ექსპერიმენტის შედეგად (ა. ნათიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, მ. კომახიძე, ვ. აბაშიძე); შესწავლილია ორგანოებისა და სისტემების ფორმის უკიდურესი ცვალებადობა (დ. იოსელიანი, ნ. დემეტრაძე, მ. სრესელი, მ. ტატიშვილი, შ. თოიძე, ვ. ქურდოვანიძე, ს. კახიანი, შ. ქევანიშვილი), ზურგის ტვინის ნერვული წნულები, სიმპათიკური წველი და მათი ურთიერთკავშირების ფორმირება ონტოფილოგენეზში (ნ. ჯავახიშვილი, ვ. აბაშიძე, ს. კახიანი, შ. ჭანტურია); ცალკეული მიდამოსა და ორგანოს ინერვაციის თავისებურებებისა და ნერვების დაზიანების გავლენა ქსოვილებზე (დ. იოსელიანი, მ. ტატიშვილი), თავის ტვინის ქერქის განფენილობა (ა. მალაევი, გ. თვალაძე), გულ-სისხლძარღვთა სისტემის ონტო-ფილოგენეზი, კოლატერალური სისხლის მიმოქცევის წყაროები და განვითარების შესაძლებელი ფარგლები, ინტრაორგანული სისხლძარღვების არქიტექტონიკა, კაპილარული ქსლის ორგანო- და ქსოვილსპეციფიკურობა და გარდაქმნა სხვადასხვა პათოლ. მდგომარეობისა და ექსპერიმენტის საპასუხოდ (მ. კომახიძე, ნ. ჯავახიშვილი, მ. ტატიშვილი, თ. ღიბრაძე, ნ. მამფორია, ლ. შელია), ლიმფური სისტემის მორფოლ., ვერტიკალური სტატიკისა და ლოკომოციის ევოლუციის, საყრდენ-სამოძრაო აპარატის შედარებითი ანატომიის საკითხები (ზ. კაციტაძე); დადგენილია მიოკარდიუმის კვების შესაძლებლობა სისხლის უკუდინებით; სისხლძარღვების ხელოვნური შემცვლელების მოგვიანებული თრომბოზის მექანიზმი, არტერიის შენაცვლების შესაძლებლობა ვენის პლასტიკით (ნ. ჯავახიშვილი, მ. კომახიძე), პიელოვენური რეფლუქსისა და ჰეპატურ-რენალური სინდრომის მორფოლ. სუბსტრატი (მ. ტატიშვილი), ფილტვის სეგმენტური დანაწილება (თ. ღიბრაძე), ღვიძლის ბილიო-ვასკულარული სეგმენტების საზღვრები (ნ. მამფორია), აგრეთვე დაზიანებული სათესლის რეგენერაციის სტიმულირების შესაძლებლობა (ნ. ჭიჭინაძე), პლაცენტის მორფო-სტრუქტურული თავისებურება და ნაყოფის ანტენატალური განვითარება (რ. ხეცურიანი), ქალის სასქესო ორგანოების ლიმფური კალაპოტი და საშვილოსნოს მიკროცირკულაციის ასაკობრივი ინვოლუცია (მ. აბასაძე) და სხვ.

თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ა-ის კათედრაზე შეისწავლიან დედის ორგანიზმისა და გარემოს თავისებურებათა გავლენას ანტენატალურ და პოსტნატალურ ონტოგენეზზე, აქსელერაციის პროცესზე, აგრეთვე ასაკობრივი და ექსტრემალური ფაქტორებით გამოწვეულ ცვლილებებს, რ-ებიც ვითარდება თირკმელში, ღვიძლში, ელენთაში, საშვილოსნოში და სხვ. სასწ. თვალსაჩინოებებიდან აღსანიშნავია 1949 მავთულისაგან სერიულად დამზადებული ნერვული სისტემის მოდელები (ა. მალაევი); 1987–88 გამოვიდა სსრკ-ში პირველი ა-ის სახელმძღვანელო (ზ. კაციტაძე), განკუთვნილი პედიატრიული ფაკ-ტის სტუდენტებისათვის. 1953 შეიქმნა თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოება. იხ. აგრეთვე სტატიები: ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია, ციტოლოგია, ტოპოგრაფიული ანატომია.

ლიტ.: ნათიშვილი ა., ადამიანის ნორმალური ანატომია, თბ., 1965; Натишвили А. Н., Жгенти В. К., Медицинская наука в Советской Грузии (Теоретическая медицина). Тб., 1957.

ნ. ჯავახიშვილი