ანატორის არქეოლოგიური ძეგლები, ფეოდალური ხანის ციხე-სოფლის ნაშთი. მდებარეობს მდ. არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან დამრეც ფერდობზე, შატილიდან 3 კმ-ზე (დუშეთის მუნიციპ.). აქვს თავისი ეკლესია და სამაროვანი.
აღმოაჩინეს 1974 (ი. წიკლაური). არქეოლ. დაზვერვითი გათხრები ჩატარდა 1976 (ხელმძღვ. რ. რამიშვილი). გამოვლენილია: 1. ნასოფლარი საცხოვრ. ნაშთებით. ტერასულად განლაგებული შენობები ნაგებია ფიქალი ქვით, მშრალი წყობით ან ტალახით, გადახურვა ალბათ ბანური იყო; 2. ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიის ნაშთი. მდებარეობს სოფლის ციტადელში, ყველაზე მაღალ და მიუვალ ადგილას. იგი უძვირფასეს მასალას გვაწვდის მთისა და ბარის ურთიერთობის ისტორიისათვის. ანატორის ეკლესია თავისი მნიშვნელობით ტყობა-იერდის (თხაბა-იერდის) ეკლესიას უტოლდება. ნაგებია ფიქალი ქვით. სარკმლებში გამოყენებულია შირიმის ქვა. აღმოჩენილია შირიმის ქვაში ამოკვეთილი სანათლავი, საკურთხევლის წინ ჯვრის აღსამართავი კვადრი, XII – XV სს. არქეოლ. მასალა: მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის ნატეხები, სამაჯურები, მონეტები და სხვ.; 3. სამაროვანი, რ-იც მდებარეობს ანატორის ხატთან, ე. წ. ადგილ მეიდანზე. გამოვლენილია კლდის ქვით ნაგები საოჯახო თუ საგვარეულო აკლდამები, რ-ებიც ქვიშაქვის ბრტყელი ქვებით იყო გადახურული. ტიპოლოგიურად ჟინვალის XII – XIV სს. სამაროვნის მსგავსია; 4. XI – XV სს. აკლდამები. აქვთ 2 ან 3 იარუსიანი გვერდითი ტახტები. ნაგებია ფიქალი ქვით დუღაბზე, აქვთ ორფერდასახურავიანი თაღოვანი გადახურვა. გათხრილია 2 აკლდამა, რ-ებშიც რამდენიმე ათეული ადამიანი იყო დაკრძალული. არქეოლ. მასალა მოპოვებულია მცირე რაოდენობით (ხის ჭურჭელი, სამაჯურები, ისრისპირები, მონეტები და სხვ.). ნასოფლარის ძირში, კონცხის ქვედა შვერილზე, მდებარეობს რამდენიმე მიწისზედა აკლდამა, სადაც მარხავდნენ გვიანდ. სოფ. ანატორის მცხოვრებთ. ეს აკლდამები აღწერილი აქვთ ეთნოგრაფებსა და მოგზაურებს (იხ. სტ. ანატორის ჯვარი); 5. ოთხკუთხა ნაგებობის ნაშთი ე. წ. ადგილ ოჩი დაალში. შენობა ნაგები ყოფილა ფიქალი ქვით, მშრალი წყობით. დას. კედელში ღრმა თახჩაა. აღმოჩენილია გარეული ცხოველების (ირემი, არჩვი) რქები, რ-ებიც ალბათ ნადირობის ღვთაებას შესწირეს. ნაპოვნია აგრეთვე ლითონის სამკაულის რამდენიმე ფრაგმენტი. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის მიდამოებს ადგილ. მოსახლეობის ტაბუ ადევს. იგი „კვრივად“ (შეუვალ ადგილად) არის გამოცხადებული, დღემდე იქ ნადირის დევნა და მოკვლა არ შეიძლება.
ლიტ.: ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ. 2 - ხევსურეთი, თბ., 1982; Рамишвили Р. М., Джорбенадзе В. А., Каландадзе З. А. И др., Археологические изыскания в Арагвском ущелье, კრ.: Полевые археологические исследования в 1974 году, Тб., 1976; მათივე, Работы Жинвальской комплексной экспедиции, კრ.: Полевые археологические исследования в 1976 году, Тб., 1979.
რ. რამიშვილი