ანატორის ჯვარი, ღვთაება პირიქითა ხევსურეთში, რ-ის საკულტო ცენტრი სოფ. შატილში (დუშეთის მუნიციპ.) იყო.
ა. ჯ. ითვლებოდა ამ თემის მოსახლეობის საერთო სალოცავად. შატილის უძველესი მკვიდრნი, ანატორელნი, ა. ჯ-ის უნჯი (ძირითადი) ყმები იყვნენ. მათგან ირჩეოდა ამ ღვთაების კულტის მთავარი მსახური, ჯვრის გამძღოლი – ხუცესი. გარდა საკუთარი საყმოს მფარველობისა, ა. ჯ-ს მიეწერებოდა მონადირეთა და „წმინდა ნადირის“ (ჯიხვი, არჩვი, შველი, ირემი) დაცვის ფუნქცია.
ა. ჯ-ს ქისტებიც ეყმობოდნენ. მათი სამლოცველო სოფ. ჯარეგოში მდებარეობდა და „ოჩი დაალი“ ერქვა. სამეცნ. ლიტ-რაში გამოთქმულია მოსაზრება ა. ჯ-ის, მეგრ. „ჟინი ანთარისა“ და აფხ. „აითარის“ ნათესაობის შესახებ.
ლიტ.: აბაკელია ნ., ცის თაყვანისცემა დასავლეთ საქართველოში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1983, № 2; ოჩიაური თ., მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967; ტუღუში ა., ერთი ქართული წარმართული ღვთაების სახელის გამო, «ცისკარი», 1988, № 2; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.1).
თ. ოჩიაური