ანბანთქება, ქართული ლექსის სახეობა, ანბანზე გაწყობილი ლექსი. პოპულ. იყო ე. წ. აღორძინების ხანის ქართ. პოეზიაში. არსებობს სას. და საერო ხასიათის ა-ები. ბიბლ. ეპიზოდები უდევს საფუძვლად თეიმურაზ I-ის, არჩილ II-ის, თეიმურაზ II-ის ა-ებს. „შესაქცევარი და სახუმარო“ ტიპისაა ბესიკისა და მზეჭაბუკ ორბელიანის ა-ნი. არსებობს სატრფიალო (მაგ., გრიგოლ ბაგრატიონის „ერთს ლამაზ ქალზე“), ელეგიური განწყობილების გამომხატველი (მაგ., პეტრე ლარაძის „გოდება ანბანთქებით“), ამოცანად ამოსახსნელი, ანბანის დასასწავლად შეთხზული და სხვ. ხასიათის ა-ნი. კომპოზიციის მიხედვით ა-ები ერთმანეთისაგან განსხვავდება აკროსტიქული სისტემით: 1. ერთ სტროფში მოცემულია მთელი ანბანი, სიტყვები ანბანის რიგზეა გაწყობილი; 2. ტაეპთა დასაწყისი ასოები იძლევა ქართ. ანბანს; ზოგჯერ ტაეპებს წინ მიუძღვის ასოთა სახელები: ან, ბან, გან და ა. შ.; 3. პირველი ტაეპის ყველა სიტყვა ანზე იწყება, მეორისა - ბანზე და ა. შ. ა. გვხვდება ხალხ. სიტყვიერებაშიც. თანამედროვე ქართ. პოეზია კი იშვიათად მიმართავს ამ ფორმას (ა-ის ნიმუშები იხ. წიგნში: „ქართული პოეტიკის ქრესტომათია. XVIII – XIX სს.“ თბ., 1954).
გ. მიქაძე