ანგობი

ანგობი (ფრანგ. engobe), თიხის ხსნარი, რომლითაც იფარება თიხის ჭურჭლის ზედაპირი გამოწვამდე.

იყენებენ უმთავრესად დეკორ. მიზნით. ა. აგლუვებს ჭურჭლის უხეშ ზედაპირს და მას სასურველ ფერს აძლევს. ა. თეთრი ან ფერადია. ანგობირებული ჭურჭლის ზედაპირი შეიძლება სხვადასხვა ფერის საღებავით მოიხატოს ან ჭიქურით დაიფაროს. საქართველოში ა-ის გამოყენება დასტურდება ბრინჯაოს ხანიდან (თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკა). ა-ით მოხატვისა და დამუშავების ტექნიკა მაღალ დონეზე იდგა ანტ. ხანაშიც. X – XIII სს-ში ჭურჭლის ზედაპირს მთლიანად ფარავდნენ თეთრი და მოვარდისფრო ა-ით ან მოხატავდნენ და ზემოდან გადაავლებდნენ ჭიქურს (თბილ., დმანისის, რუსთავის, უჯარმის და სხვ. გათხრების დროს აღმოჩენილი კერამიკა). გვიანდ. შუა საუკ. საქართველოში საოჯახო თიხის ჭურჭლის შესამკობად უმთავრესად იყენებდნენ წითელ ა-ს, რ-საც წერნაქი ერქვა. მოჭიქული ჭურჭლისათვის კი, ისევე როგორც აღმოსავლური კერამიკის ცნობილ ცენტრებში (ქაშანი, ქირმანი, იეზდი), თეთრი ან მოვარდისფრო ა. იხმარებოდა.

ლ. ჭილაშვილი