ანდაზა

ანდაზა (სპარს. ანდაზე, ანდაზ - მაგალითი, საზომი, ნიმუში), ზეპირსიტყვიერების ჟანრი;

ხალხში გავრცელებული მოკლე გამონათქვამი, რ-იც ნართაულად, იგავური მინიშნებით, მხატვრული ფორმით განაზოგადებს მრავალმხრივ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ა-თვის დამახასიათებელია ზნეობრივ-მორალური შინაარსი; ღრმა აზრისა და განზოგადებული მსჯელობის სხარტად, ლაკონიურად, შთამბეჭდავად გამოხატვა. ა-ის ჩანასახოვანი ფორმა პირველყოფილი საზ-ბის უძველეს პერიოდს უკავშირდება. თავდაპირველად პრაქტ. მიზანდასახულობისა იყო. ა. ჟანრობრივად შედარებით გვიან გამოიკვეთა, როცა ის დაპირისპირებულ კლასთა ინტერესების გამოხატვის საშუალებად იქცა. ამ ეტაპზე ადამიანს გაუჩნდა უნარი განყენებული, აბსტრ. აზროვნებისა, რამაც გარკვეულად განსაზღვრა ა-ის ჟანრის განვითარება-სრულყოფის პროცესი. პირდაპირი გაგებით წარმოთქმულმა აზრმა გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა, წინა პლანზე ა-ის ფუნქციამ გადმოინაცვლა.

დღეს ა. ახალი, შემეცნებით-ესთეტ. და დიდაქტ. ფუნქციის მატარებელია. ცნობილია ა-ის წარმოქმნის ორი გზა: ფოლკლორული და მწიგნობრულ-ლიტერატურული. პირველი ტიპის ა-ები ცხოვრებაზე უშუალო დაკვირვების შედეგია („ვისაც თევზი უნდა, ფეხები სველი უნდა ჰქონდეს“) ან ხალხ. შემოქმედების რომელიმე ჟანრის ნაწარმოებიდან მომდინარეობს („ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“). მწიგნობრულ-ლიტერატურული ტიპის ა-ები გენეტიკურად მწერლის მხატვრულ თხზულებებს უკავშირდებიან („გველსა ხვრელით გამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“). ა. გარკვეული იდეისა და ტენდენციის შემცველია. მასში მკაფიოდ მჟღავნდება საზ. იდეალები, მოქალაქეობრივი ინტერესები, პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი და ა. შ. ა. უპირატესად დამრიგებლობითი შინაარსისაა, აზრს ერთი წინადადებით გამოხატავს („მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“; „ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო“). იდეურ-შინაარსობრივად მდიდარი ა-ები მაღალმხატვრულობითაც გამოირჩევიან. პოეტურ-გამომსახველობითი საშუალებები (მეტაფორა, მეტონიმია, ალეგორია და სხვ.) ა-ებს ესთეტიკურობასა და ემოციურობას მატებს, ამასთანავე, ხელს უწყობს მათ გავრცელება-პოპულარობას.

ჩვეულებრივ ა. რიტმული წყობისაა, საანდაზო ფრაზას ხშირად აკეთილხმოვანებს რითმა („ურჩი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა“), ბგერითი ალიტერაცია („ამყოლს აჰყევი, ჩამყოლს ჩაჰყევიო“). ა-ის ენა მოქნილია და ძარღვიანი, ლექსიკა - მდიდარი. ზეპირ მეტყველებაშიც და ლიტერეტურულ-პოლიტ. პოლემიკაშიც ა. აზრის დამადასტურებელ ნიმუშად იხმარება.

დიდია მწერლების ინტერესი ა-ების მიმართ (ს.-ს. ორბელიანი, დ. გურამიშვილი, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, მ. ჯავახიშვილი). თავის მხრივ, ბევრი ლიტ. თხზულება ქცეულა ხალხში გავრცელებული ა-ების წყაროდ (შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, დ. გურამიშვილის პოეზია). ა-ის აღმნიშვნელად ჩვენში ადრე გავრცელებული იყო შეგონება, არაკი, იგავი. სვანეთში ა-ს დღესაც არაკს უწოდებენ. ტერმ. იგავის ანდაზური გაგება კარგად ჩანს განმარტებებში: „სახელი ესე იგავთა, რომელ არს პარჳმიე“ (იოანე -პეტრიწი), ან „იგავი ესე არს სიტყვით მაგალითი, გინა საჩვენებელი, გინა მოსანიშნავი“ (ს.-ს. ორბელიანი). ა-ის მნიშვნელობით ხალხში გავრცელებულია ტერმინები: „აზრის ქობი“, „სიტყვის ძალა“, „სიტყვის მუხლი“, „გლეხის იარაღი“, ანდრეზი („ანდრეზად არ მადიოდა, თოფთან ომობდეს ხანჯარი“).

ქართ. ა-ების პირველი კოლექციონერია დ. ბაგრატიონი (მან შეაგროვა და გალექსა ქართ. ა-ები); პირველი გამომქვეყნებელი კი - დ. ჩუბინაშვილი, რ-მაც „ქართული ქრესტომათიის“ პირველ ნაწილში შეიტანა ქართ. ა-ები (1846). ა-ის ისტორიასა და თეორიას შეისწავლის პარემიოლოგია (ბერძნ. Paroimia - ანდაზა), მისი ჩაწერა-გამოცემა კი პარემიოგრაფიის სფეროა.

ლიტ.: ზანდუკელი ფ., წერილები საბავშვო ფოლკლორზე, თბ., 1980; სახოკია თ., ქართული ანდაზები, თბ., 1967; ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, [ტ.] 1, თბ., 1960; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956; ხალხური სიბრძნე, ტ. 5, თბ., 1965.

ფ. ზანდუკელი