ანდერძი, მოქალაქის განკარგულება იმის თაობაზე, თუ ვის უტოვებს იგი ქონებას თავისი სიკვდილის შემთხვევაში. საბუთი, რ-იც ასეთ განკარგულებას შეიცავს. სამოქალაქო კანონმდებლობაში დაწვრილებით არის განსაზღვრული ა-ით მემკვიდრეობის წესი. ა. უძველესი სამართ. ინ-ტია. იგი ძვ. საქართველოშიც განვითარებული ყოფილა (თავდაპირველად მას „აღთქუმაჲ“ ერქვა). როცა მოანდერძის ნება-განკარგულება დიდმნიშვნელოვან საქმეს შეეხებოდა, ა-ს განსაკუთრებული ფორმით წერდნენ: უნდა აღნიშნულიყო მოანდერძის სრული ვინაობა და დამოწმებულიყო, რომ თავისუფლად და ძალდაუტანებლად გამოხატავდა თავის ნებას.
ა-ის შედგენისას მოანდერძე უნდა ყოფილიყო „სიმრთელესა შინა ტანისა“ და „სრულითა ცნობითა“ აღჭურვილი.
ლიტ.: ნადარეიშვილი გ., ქართული საოჯახო სამართლის ისტორიიდან, თბ., 1965; ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).
გ. ნადარეიშვილი