ანდიური ენა, დაღესტნურ ენათა ჯგუფის ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ერთ-ერთი ენა.
გავრცელებულია ბოთლიხის რ-ნის (დაღესტანი) აულებში (ანდი, ღუნხო, ღალათლი, აშალი, რიკვანი, ჩანხო, ზილო, მუნიბი და ქვანხიდათლი). გაირჩევა თქმათა ორი ძირითადი ჯგუფი: ზემოანდიური ანუ საკუთრივ ანდიური (ანდის, ღუნხოს, ღაღათლის, აშლის, რიკვანის, ჩანხოს და ზილოს თქმები) და ქვემოანდიური ანუ მუნიბქვანხიდათლური (მუნიბისა და ქვანხიდათლის თქმები). ა. ე-ის ხმოვანთა სისტემა მარტივია. აქვს 5 ხმოვანი: ა. ე, ი, ო, უ (თქმებში დასტურდება მეორეული წარმოშობის მათი ნაზალიზებული ვარიანტებიც). დანარჩენ ხუნძურ-ანდიურ ენათა ა ხმოვანს ა. ე-ში ხშირად ო შეესატყვისება (მაგ., ხუნძური ბაწ „მგელი“: ანდიური –ბოწო). თანხმოვნებში გამოიყოფა სონორები და ჩქამიერები. ჩქამიერი შეიძლება იყოს მჟღერი ან ყრუ, ხოლო უკანასკნელი – ფშვინვიერი ან აბრუპტივი. ყრუ თანხმოვანთა შორის არსებობს დაპირისპირება სიმაგრის მიხედვით: მაგარი (ძლიერი) – არამაგარი (სუსტი). მოიპოვება მჟღერ ხშულთა და აფრიკატთა გემინირებული ვარიანტებიც. გარჩეულია ლატერალური თანხმოვნები. სიტყვის თავში ერთზე მეტი თანხმოვანი შეუძლებელია. სიტყვის ბოლოში (სხვადასხვა თქმაში მეტ-ნაკლები ინტენსიურობით) მოქმედებს ღია მარცვლის კანონი. ამ კანონის შესაბამისად თანხმოვანზე დაბოლოებულ ნასესხებ სიტყვებს ბოლოში დაერთვის – ი. ა. ე-ში გარჩეულია გრამატ. კლასები: ზემოანდიურ თქმებში – 4 კლასი (ვ, ჲ, ბ, რ), ქვემოანდიურ თქმებში – 3 კლასი (ვ, ჲ, ბ). ძირითადი ბრუნვებია: სახელობითი, ერგატივი, ნათესაობითი, მიცემითი, აფექტივი.
მდიდრად არის წარმოდგენილი ადგილობითი (წარმოშობით თანდებულიანი) ბრუნვები: 7 სერია, სამ-სამი ბრუნვით თითოეული. ზმნა მდიდარია დრო-კილოთა ფორმებით. უღვლილება კლასოვანია – ზმნა იცვლება გრამატ. კლასების მიხედვით (გარდაუვალი ზმნა იცვლება სუბიექტის კლასის მიხედვით, გარდამავალი – ობიექტის კლასის მიხედვით). გვარი არ გაირჩევა. გარდაუვალი ზმნის სუბიექტი დაისმის სახ. ბრუნვაში, გარდამავლისა – ერგატიულში; გარდამავალი ზმნის უახლოესი (პირდაპირი) ობიექტი სახ. ბრუნვაშია. გარკვეული სემანტიკური ჯგუფის ზმნებთან სუბიექტი შეიძლება იყოს აგრეთვე აფექტივსა და ნათესაობითშიც. მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ეთანხმება მას გრამატ. კლასსა და რიცხვში (ბრუნვაში შეთანხმება არ არის). ა. ე. უმწერლობო ენაა. სამწერლოდ გამოყენებულია მონათესავე ხუნძური ენა.
ლიტ.: ცერცვაძე ი., ანდიური ენა (გრამატიკული ანალიზი ტექსტებით), თბ., 1965; მისივე, Андийский язык, წგნ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; Дирр А., Краткий грамматический очерк андийского языка, Тфл., 1906.
ი. ცერცვაძე