ანდრონიკაშვილი აბელ, კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVII ს. ბოლო მეოთხედსა და XVIII ს. I მესამედში. ქიზიყის მოურავი და სარდალი.
დაწინაურდა ბეჟან-ხანის მმართველობის დროს. როდესაც მაჰმადიანი ხანის ძალაუფლება დასუსტდა, ქვეყნის პოლიტ. ცხოვრების სათავეები ხელთ იგდო სამეულმა: რევაზ ჩოლოყაშვილმა, მერაბ ჯორჯაძემ და ა-მა, რ-თაც ქართლის მეფე გიორგი XI მფარველობდა (1688–1703 ქიზიყი ქართლის მეფეს ემორჩილებოდა). ა-ს ცოლად ჰყავდა ერეკლე I-ის ქალიშვილი ქეთევანი. ერეკლე I-ის ირანში გაწვევის შემდეგ (1703) ა-ის პოლიტ. პოზიციები შეირყა, ქიზიყის მოურავობა მიიღეს მისმა უახლოესმა ნათესავებმა – პაატა და რევაზ ანდრონიკაშვილებმა.
ოსმალების მიერ კახეთის მეფის კონსტანტინე II-ის და კახი დიდებულების დახოცვის შემდეგ (1732) ა. კვალვ დაწინაურდა, მოაწყო აჯანყება ოსმალთა წინააღმდეგ და დაამარცხა ისაყ-ფაშა (ახალციხის ფაშა, რ-იც თბილ. მმართველად იყო დანიშნული).
1735–36 იბრძოდა ალექსანდრე დავითის ძე ბატონიშვილის (ალი-მირზას) კახეთში გასამეფებლად. მის ამ განზრახვას წინ აღუდგა თეიმურაზ II-ის მეუღლე თამარი. ა-მა უშუალოდ ქიზიყის მოსახლეობას მიმართა, მაგრამ მათ მეფე თეიმურაზს უერთგულეს და ა-ს მხარი არ დაუჭირეს. ალექსანდრე დავითის ძის ირანში გაწვევის შემდეგ (1737) ა. ჩამოშორდა პოლიტ. ასპარეზს.
წყარო: კარბელაშვილი პ., მე-18 ს. საქართველოს ისტორიის ქრონიკები, წგ.: ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, კ. კეკელიძის რედ., ტ. 2, თბ., 1950.
ლ. ტუხაშვილი