ანდრონიკაშვილი ელო (ელენე) იოსების ასული [15 (27). IV. 1883, სოფ. კარდანახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 12. III. 1956, თბილისი], მსახიობი, პედაგოგი, საზ. მოღვაწე. საქართვ. დამს. არტისტი (1944).
სცენაზე პირველად გამოვიდა 1898 სოფ. წრომის (ახლანდ. ხაშურის მუნიციპ.) სცენისმოყვარეთა წარმოდგენაში, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“. 1900–03 მონაწილეობდა ავჭალის აუდიტორიის (მუშათა თეატრის) წარმოდგენებში. 1903–04 მსახიობად მუშაობდა კავკასიის სცენისმოყვარეთა წრეში. 1905–07 ა. იყო პარიზის სორბონის უნ-ტის მსმენელი. პროფ. სცენაზე პირველად 1907 გამოვიდა თბილ. ქართ. თეატრში. სხვადასხვა დროს მსახიობად მუშაობდა ქუთ., ბათუმის, სოხუმის, აგრეთვე ბაქოს ქართ. თეატრის დასში. იყო „მოგზაური დასის“ (ბათუმი) ერთ-ერთი დამაარსებელი და წამყვანი მსახიობი. ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს: კაროჟნა (დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), გაიანე, რუქაია (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ჰანელე (გ. ჰაუპტმანის „ჰანელე“), კატიუშა მასლოვა (ლ. ტოლსტოის „აღდგომა“), ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო“) და სხვ. ა. იყო საქართველოში საბავშვო თეატრის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. თარგმნა ო. უაილდის „პადუის დედოფალი“, გ. კადელბურგის „შავი ლაქა“, ი. ლენდიელის „ტაიფუნი“, ა. ოსტროვსკის „უმზითვო“, „უდანაშაულო დამნაშავენი“ და სხვ. ცნობილი იყო როგორც ქართ. და აღმოსავლური ცეკვების ჩინებული შემსრულებელი.
შ. ცუცქირიძე