ანდრონიკაშვილი ზაქარია თამაზის ძე (დაახლ. 1740–1800), ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. სიმამაცის გამო ცნობილი იყო მეტსახელით „მიწის მგელი“.
ახალგაზრდა ზაქარია ერეკლე II-მ პირად რაზმში ჩარიცხა. 1756 ა-მა თავი გამოიჩინა ლეკთა ბრბოებთან ბრძოლაში სოფ. კარალეთთან და სკრასთან. შემდეგ იმყოფებოდა სამეფო კარზე, სადაც გაუმიჯნურდა მეფის ასულ ელენეს, რის გამოც ერეკლე II-მ ა. რუსეთში გააძევა, ელენე კი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძმას, ბატონიშვილ არჩილს მიათხოვა. ელენეს დაქვრივების შემდეგ (1771) ა. დაბრუნდა რუსეთიდან და დაქორწინდა მასზე. 1780 დანიშნეს ქიზიყის მოურავად. 1795 თავი ისახელა კრწანისის ბრძოლაში. სიცოხლის ბოლო წლებში მხარში ედგა თავის გერს – იმერეთის მეფე სოლომონ II-ს.
ლიტ.: იხ. სტ-თან ანდრონიკაშვილი ა.
ლ. ტუხაშვილი