ანდრონიკაშვილი იოსებ ზაქარიას ძე [13 (25). VI. 1855, თბილისი, - 20. VII. 1940, იქვე], ინჟინერი და საზოგადო მოღვაწე.
1881 დაამთავრა პეტერბ. მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი. 1882–1902 ხელმძღვანელობდა სოჭი–ტუაფსეს, თბილის–მანგლის–ახალქალაქის, თბილის–თიანეთის, თბილის–თელავის, თბილის–განჯისა და სხვა საავტ. გზების დაგეგმარებასა და მშენებლობას. ა. იყო კახეთის რკინიგზის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი (1909). აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. კულტ. ცხოვრებაში. იყო რუს. სამუსიკო საზ-ბის თბილ. განყ-ბის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მოთავე, მონაწილეობდა ქართ. დრამ. საზ-ბისა და ქართ. კლუბის დაარსებაში.
წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილ. პირველ სამუსიკო სასწავლებელს. მეგობრობდა პ. ჩაიკოვსკისთან, რ-იც საქართველოში ყოფნის დროს ა-ის ოჯახში გამართულ კონცერტებში მონაწილეობდა. 1886 წ. 19 აპრ. თბილ. ოპერის თეატრში მისი ინიციატივით გაიმართა. პ. ჩაიკოვსკისადმი მიძღვნილი საღამო-კონცერტი. 1921-ის შემდეგ ა. საქართვ. გზატკეცილების სამმართველოს უფროსად დანიშნეს, პარალელურად ეწეოდა სამეცნ.-პედ. საქმიანობას საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში: ა-ს ეკუთვნის სახელმძღვანელოები: „სააღმშენებლო ხელოვნება“ (ნაწ. 1 – 4, 1927 – 32) და „ურელსო გზები“ (1930, 1932), აგრეთვე „რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული სააღმშენებლო ლექსიკონი“ (1932) და სხვ.