ანდრონიკაშვილი ივანე მალხაზის ძე (11. XI. 1796, სოფ. ქოდალო, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 19. IX. 1868, იქვე), რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1868), გენ.-ადუიტანტი (1862), მეფე ერეკლე II-ის შვილიშვილი.
სამხ. სამსახური დაიწყო პეტერბ. ლაიბგვარდიის ცხენოსანთა პოლკში (1817). 1824 მაიორის წოდებით (პირადი სურვილით) კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში გადაიყვანეს. მონაწილეობდა რუს.-ირან. (1826–28) და რუს.-ოსმ. (1828–29) ომებში. თავი გამოიჩინა ელიზავეტპოლის, ჯევან-ბულახის, სარდარაბადის, ერევნის, ახალციხის და ბაიბურთის ბრძოლებში. 1841 გენ.-მ-ის ხოლო 1850–გენ.-ლ. წოდება მიიღო. 1849–56 ა. იყო თბილისის სამხ. გუბერნატორი. ყირიმის ომის (1853–56) დროს კავკასიის ფრონტზე ახალციხესთან ბრძოლაში (1853 წ. 14 ნოემბ.) 5-ათასიანი რაზმით დაამარცხა ალი-ფაშას 20-ათასიანი კორპუსი, ხოლო 1854 მდ. ჩოლოქთან 10-ათასიანი რაზმით გაანადგურა სელიმ-ფაშას 30-ათასიანი კორპუსი.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის (ორგზის), წმ. ვლადიმირის, წმ. ალექსანდრე ნეველის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ს. მეგრელიძე