ანდრონიკაშვილი ლუარსაბ ნიკოლოზის ძე

ლ. ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილი ლუარსაბ ნიკოლოზის ძე [14 (26). II. 1872, სოფ. ოჟიო, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, – 19. XII. 1939, თბილისი], მეცნიერ-იურისტი და საზოგადო მოღვაწე. ელეფთერ და ირაკლი ანდრონიკაშვილების მამა.

უმაღლესი იურიდ. განათლება მიიღო პეტერბ. უნ-ტში, სწავლობდა ფილოსოფიას ჰაიდელბერგისა და სტრასბურგის უნ-ტებში. 1899 შევიდა რუს. ადვოკატურაში; იყო „პოლიტიკურ დამცველთა“ ჯგუფის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მონაწილეობდა ისტ. მნიშვნელობის ასზე მეტ პოლიტ. სასამართლო პროცესში. იგი იცავდა შეიარაღებული აჯანყებებისა და დემონსტრაციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს (ბათუმის დემონსტრაციის საქმე, 1903; ლეიტენანტ პ. შმიტდის მეთაურობით აჯანყებულ შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურთა სევასტოპოლის პროცესი, 1906; პეტერბ. მუშათა დეპუტატების საბჭოს პროცესი, 1906; „ნოვოროსიისკის რესპუბლიკის“ საქმე, 1908 – 09); რევოლუციონერ ტერორისტებს (პეტერბ. ქალაქის მმართველის გენ. ლაუნიცის მკვლელობის საქმე, 1907; სახელმწ. საბჭოს წევრის გრაფ იგნატიევის მკვლელობის პროცესი, 1907; ნიკოლოზ II-ის მკვლელობის მომზადების საქმე, 1907); რევ. და პროგრ. პრესას (ბოლშევიკთა პირველი ლეგალური გაზეთის „ნოვაია ჟიზნის“ რედაქციის მდივნის ი. გუკოვსკის, ლ. ტოლსტოის გამომცემლების, ჟურნ. „რუსსკოე ბოგატსტვოს“ რედაქტორის ვ. კოროლენკოს საქმეები) და სხვ. 1917 აპრილში დროებითმა მთავრობამ ა. სენატორად დანიშნა. ა. კონისთან, ნ. ტაგანცევსა და სხვა გამოჩენილ იურისტებთან ერთად იგი მონაწილეობდა სისხლის სჯულდების გადამსინჯველი საკანონმდებლო კომისიის მუშაობაში. 1917-ის შემდეგ ა. სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა. კითხულობდა ახ. ფილოს. კურსს ტულის პედ. ინ-ტში (1919 – 20), სასამართლო მჭერმეტყველებას მოსკ. სიტყვის სახელმწ. ინ-ტში (1920 – 21). 1921 დამლევს ა. თბილისში დასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული უმაღლესი იურიდ. განათლების ჩასახვა და განვითარება საქართველოში. თსუ-სა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ა. კითხულობდა სამართ. ზოგად თეორიას, სამოქალაქო სამართალს, სისხლის სამართალს და სხვა იურიდ. დისციპლინებს. მანვე შექმნა ლექციების ორი ახ. კურსი – დანაშაულის ფსიქოლოგია და სიტყვის კულტურა. სიცოცხლის ბოლო წლებში იყო თსუ-ის სამოქალაქო სამართ. კათედრის გამგე (1937) და სისხლის სამართ. კათედრის პროფესორი.

ა. მონაწილეობდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში. საბჭ. მთავრობამ იგი აშშ-ში წარგზავნა უცხოური (ჰარიმანის) კონცესიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პასუხსაგები დავალებით (1930 – 31). აღსანიშნავია აგრეთვე ა-ის საჯარო გამოსვლები ლიტ-რისა და ხელოვნ. საკითხებზე.

ლიტ.: მაყაშვილი ვ., ლ. ანდრონიკაშვილის მეცნიერულ-პედაგოგიური მოღვაწეობა, «საბჭოთა სამართალი», 1963, № 2; წერეთელი თ., ლუარსაბ ანდრონიკაშვილი - რევოლუციონერთა და პროგრესულ მოღვაწეთა დამცველი, თბ., 1976.

ვ. მაყაშვილი