ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) კონსტანტინე იასეს ძე

ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) კონსტანტინე იასეს ძე (16. VII. 1916, პეტროგრადი – 12.IX. 1997, პარიზი), საფრანგეთის საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, მთარგმნელი.

1920 ოჯახთან ერთად პარიზში გადასახლდა. საშ. განათლება მიიღო ინგლისსა (სიფორდის კოლეჯი) და საფრანგეთში (ჟერსონის სკოლა, ჟანსონ დე სელის ლიცეუმი), უმაღლესი განათლება – სორბონის უნ-ტსა და სენტ-სერჟის ორთოდოქსული თეოლოგიის ინ-ტში. 1946-იდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში (ოფიც. თარჯიმანი ინგლ. და რუს. ენებში), შემდეგ რესპ. პრეზიდენტის აპარატში (სრულუფლებიანი მინისტრის რანგში).

ეწეოდა სამეცნ. და პედ. მოღვაწეობას სხვადასხვა კოლეჯსა და უმაღლეს სასწავლებელში (პარიზის დოფინის უნ-ტი, სენტ-სერჟის ინ-ტი და სხვ.). იყო თარჯიმანთა და მთარგმნელთა საერთაშ. ასოციაციის დამაარსებელი და საპატიო პრეზიდენტი, რელიგ. მეცნიერებათა საერთაშ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის დიდგვაროვანთა კავშირის წევრი და სხვ. თხზულებები: „ვარსკვლავთა სიკვდილი“ (1947), „დღესასწაულთა არსი“ (1970), „პასკალის ციკლი“ (1985), „ლიტურგიის არსი“ (1988), თარგმანები ინგლისურიდან და რუსულიდან (დ. მერეჟკოვსკი, ვ. კლიუჩევსკი, თ. დოსტოევსკი, რ. ბრედბერი, ვ. ზენკოვსკი, ნ. ბერდიაევი, პ. ფლორენსკი, მ. ბულგაკოვი და სხვ.).

მიღებული აქვს საფრ. უმაღლესი ჯილდოები: ღირსების ეროვნული ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენი, წმინდა მიქაელის ორდენი.

ჰყავს ორი ვაჟი – მანუელი (მათ. მეცნ. დოქტორი), მარკი (მედ. მეცნ. დოქტორი) და ქალიშვილი ანა (ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი).

შ. ცირეკიძე