ანდღულაძე აკაკი ანანიას ძე (1900, სოფ. ჩოჩხათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 1937, თბილისი), საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.
1921–26 და 1935–37 საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ეკონომისტი, დაამთავრა ოზურგეთის გიმნაზია (1920) და თბილისის სახელმწ. უნ-ტის სოც.-ეკონ. ფაკ-ტის ეკონ. განყ-ბა (1925). 1917-იდან საქართვ. სოც.-დემოკრ. (მენშევიკური) პარტიის წევრი. 1921 თებ. მონაწილეობდა მე-11 წითელი– არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან წარმოებულ ბრძოლებში. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართ. დემოკრ. რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსის (1921 თებ.-მარტი) შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში.
1921–26 საქართვ. სოც.-დემოკრ. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის („ახალგაზრდა მარქსისტები“) არალეგალური ცენტრ. კომიტეტის წევრი. 1922–24 საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტის (იგივე „პარიტეტული კომიტეტი“, იხ. : „დამოუკიდებლობის კომიტეტი“) რწმუნებული. ა. აქტიურად მონაწილეობდა 1924 აგვ. საერთო-ეროვნ. აჯანყების (იხ.: „აგვისტოს აჯანყება 1924“) მომზადებაში.
აჯანყების ჩახშობის შემდეგ განაგრძობდა იატაკქვეშა პოლიტ., ანტისაბჭ. მოღვაწეობას. 1925–26 იყო „ახალგაზრდა მარქსისტთა“ არალეგალური ორგანიზაციის აჭარის განყ-ბის ერთ-ერთი ლიდერი. 1926 დააპატიმრა საქ. სსრ „საგანგებო კომისიამ“ (ე. წ. „ ჩეკა“). მიესაჯა 9 წლით გადასახლება ციმბირში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა ქ. გორში. (1935–37) ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი საწარმოს ეკონ. დარგს. პარალელურად იყო ქართ. პოლიტ. ემიგრაციის მიერ 1924 პარიზში დაარსებული ეროვნ. პოლიტ. ორგანიზაციის „თეთრი გიორგის“ კონსპირაციული ჯგუფის (ხელმძღვანელი ე. ღვალაძე) წევრი.
1937 აგვ. დააპატიმრა საქ. სსრ შს სახალხო კომისარიატმა (ე. წ. „შინსახკომი“), 1937 19 ნოემბ. „შინსახკომის“ ე. წ. „დიდმა სამეულმა“ მიუსაჯა დახვრეტა.
რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ (1955).
ლ. ურუშაძე