ანდღულაძე ვასილ ალექსის ძე [15 (27). XI. 1898, ქ. ოზურგეთი, – 14. IX. 1958, თბილისი], თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1939), პროფესორი (1939), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1957).
1931 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი, 1938 – 58 განაგებდა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის პროპედევტიკული თერაპიის 1938 – 47 – ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის შინაგან სნეულებათა კათედრებს. 1938–41 იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოს სწავლული მდივანი, 1942–43 – ყირიმისა და ჩრდ. კავკ. ფრონტების მთავარი თერაპევტ-ტოქსიკოლოგი.
ა. იკვლევდა ჰიპერტონიული დაავადების საკითხებს. შეადგინა სახელმძღვანელო „მომწამვლელი ნივთიერებებით დაზიანებათა პათოლოგია და თერაპია“ (1957).
თხზ.: ჰიპერტონული დაავადების ეტიოპათოგენეზი, კლინიკა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები, თბ., 1954; О действии боржомских минеральних вод, М., 1950.