ანდღულაძე ნოდარ დავითის ძე

ნ. ანდღულაძე

ანდღულაძე ნოდარ დავითის ძე (13. XII. 1927, თბილისი – 28.I. 2013, იქვე), მომღერალი (დრამ. ტენორი). საქართვ. სახ. არტისტი (1965). დ. ანდღულაძის შვილი და მოწაფე. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1954).

1950 დაამთავრა თსუ ფილოლ. ფაკ-ტი, 1963 – თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია. 1956-იდან ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, პარალელურად (1953 – 59) – თსუ კავკ. ენების კათედრის პედაგოგი. იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებს (ა. ჩიქობავას ხელმძღვანელობით). 1961 – 62 სტაჟიორად მიავლინეს მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ (პედაგოგი ჯ. ბარა).

ა-ს ჰქონდა ძალზე ძლიერი, ლამაზი ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი და გამომსახველი ხმა. მისი შესრულებისთვის დამახასიათებელია დახვეწილი მუს. ფრაზირება, არტისტიზმი, სცენური ოსტატობა. პარტიები: აბესალომი, მალხაზი (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ტარიელი (შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“), მინდია, არზაყანი (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“, „მთვარის მოტაცება“), გერმანი (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), რადამესი, მანრიკო, ჰერცოგი, ოტელო (ჯ. ვერდის „აიდა“, „ტრუბადური“, „რიგოლეტო“, „ოტელო“), ედგარი (გ. დონიცეტის „ლუჩია და ლამერმური“), კანიო (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“), ტურიდუ (პ. მასკანის „სოფლის პატიოსნება“), ლოენგრინი (ვ. რ. ვაგნერის „ლოენგრინი“), ჰეროდე (რ. შტრაუსის „სალომე“) და სხვ. ა. იყო კამერული მომღერალიც, დიდი ოსტატობით ასრულებდა ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. გასტროლები ჰქონდა საზღვარგარეთ (რუსეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, რუმინეთი, გერმანია, თურქეთი, იუგოსლავია და სხვ.). 1983 ქუთ. საოპერო თეატრის სცენაზე დადგა დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმური“.

ა. 1968-იდან იყო თბილ. სახელმწ. კონსერვ. პედაგოგი, 1981-იდან – სოლო სიმღერის კათედრის გამგე. მისი მოწაფეები იყვნენ: ნ. გამგებელი, თ. გუგუშვილი, გ. კარიაული, გ. ლომთაძე, მ. ნამორაძე, ნ. ნაჭყეპია, თ. ჩაჩავა, ა. ჭურღულია და სხვ.

ა. ავტორია მეცნ. გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნ. თეორიის, ისტ. და მეთოდიკის დარგში. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (მოსკოვი, 1958). ზ. ფალიაშვილის სახ. პრემია (1977). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: კლასოვანი და პიროვანი უღვლილების ისტორიის ზოგი საკითხი იბერიულ-კავკასიურ ენებში, თბ., 1968; ვოკალური ხელოვნების ზოგადი თეორიის მეთოდოლოგიური საკითხები, «საბჭოთა ხელოვნება», 1979, № 1 – 2.„ჰომო კანტორი“, ( „ადამიანი მომღერალი“), თბ.,1997

ლიტ.: აფაქიძე ი., ნოდარ ანდღულაძე, თბ., 1987.

მ. ახმეტელი