ანისული

ანისული (Anisum vulgare), ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა.

აქვს სწორი, 25 – 60 სმ სიმაღლის ღერო და რთულ ქოლგებად შეკრებილი თეთრი ყვავილები. მისი ქვედა და შუა ფოთლები ყუნწიანია, ზედა – მჯდომარე. ა-ის სამშობლოდ ითვლება მცირე აზია. ჩვენში მხოლოდ აშენებენ, ისიც იშვიათად. ნაყოფს სასიამოვნო სუნი და გემო აქვს. შეიცავს ეთეროვან და ცხიმოვან ზეთს.

იყენებენ მედიცინაში (ნაყენის, ა-ის ზეთის, ნიშადურ-ანისულის წვეთებისა და სხვ. სახით), პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში.

ზ. შენგელია