ანკესობა

ანკესობა, თევზის ჭერა ანკესით (ნემსკავით). თევზის ჯიშის, წყალსაცავის, სეზონის და სხვ. გათვალისწინებით ანკესობენ ჩვეულებრივი ანკესით, ჩალქით, სპინინგით და ა. შ. აკნესის სახესხვაობანი ფართოდ არის გამოყენებული სამრეწვ. თევზჭერაშიც. თევზის ჯიშის მიხედვით იყენებენ სხვადასხვა სატყუარას (ჭიაყელას, კალიას, მატლს, მწერების ჭუპრებს, წვრილ თევზს, ზეთში ამოვლებულ პურს, წვრილ წყალმცენარეებს და სხვ.). ხმარობენ აგრეთვე მწერების (ბუზის, ხოჭოს, კალიის) იმიტაციას. იმისათვის, რომ თევზი ა-ის ადგილას შეგროვდეს, თევზაობამდე 1 – 2 დღით ადრე წყალში ყრიან მოხარშული ხორცის ნაჭრებს, ხორბლის, სიმინდის, ქერის, ჭვავის დამბალ მარცვლებს, ჭიაყელებს და სხვ.

ანკესით თევზის ჭერას ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში მისდევდა. საქართველოში განათხარ მასალაში ძვლის ანკესი გვხვდება ნეოლითის, ლითონისა კი – ბრინჯაოს ხანიდან. თევზაობის სეზონისა და თევზის ჯიშის მიხედვით საქართვ. სხვადასხვა კუთხეში ა-ის სხვადასხვა წესი და ანკესის მრავალი სახეობაა დამოწმებული, რაც ანკესით თევზის ჭერის ხანგრძლივ ტრადიციებზე მიუთითებს.

ჩვეულებრივი ანკესი მარტივი თევზსაჭერი ხელსაწყოა, რ-იც შედგება საკუთრივ ანკესის, მასზე გამობმული ძაფისა და ტარისაგან. ძაფზე ამაგრებენ ჩალის ღეროს ან კორპს, რომ ანკესი წყალში ბოლომდე არ ჩაიძიროს, ქვემოთ კი სიმძიმისათვის ტყვიას ან კენჭს ჰკიდებენ. საქართველოში პატარა ანკესით (ნემსკავით) იჭერენ წვრილ თევზს (კალმახი, წვერა, ღორჯო და სხვ.), ხოლო დიდი ანკესით ანუ ჩანგლით (ძვ. სამჭედური)–ორაგულს, ზუთხს, ღლავს და სხვ. ანკესები არის ერთ, ორ ან სამკაუჭიანი. ძველად ანკესებს ლესავდნენ და ზედ ქონს უსვამდნენ. ასეთ ანკესს თავნაბრუნები ანკესი ერქვა. ა-ისას დიდი მნიშვნელობა აქვს ანკესის მკედს. იგი ისეთი ფერის უნდა იყოს, რომ თევზი წყალში ვერ ამჩნევდეს. ძველად ამ მიზნით იყენებდნენ მკედს, ლერწმის, უმთავრესად აბრეშუმის ძაფს (ამჟამად კაპრონს). საინტერესოა საანკესე მკედის დამზადების ძვ. ხალხური წესი. პარკის დასახვევად გამზადებულ აბრეშუმის ჭიას შუაზე გადაზნექდნენ (ზოგჯერ აბრეშუმის ჭიას რამდენიმე ხნით წინასწარ ძმარში ათავსებდნენ); ჭიის სხეულიდან გადმონადენი სითხე ჰაერზე უწვრილეს აბრეშუმის ძაფად იქცეოდა. ამ წესით დამზადებული საანკესე მკედი გამჭვირვალე და უფერული იყო.

ზოგჯერ თოკზე რამდენიმე ანკესს ჩამოკიდებენ და ღამით მდინარის ნაპირებს შორის გაჭიმავენ. ამ წესით დაგებულ ანკესებს ჰქვია „ერთი ყრა ანკესი“ (გურია), „გაგება“ (იმერეთი). უფრო რთულია საზუთხე და საღლავე ანკესი (ჩალქი), რ-იც რამდენიმე ყრა ანკესისაგან შედგება. ანკესებს ძირზე გამოაბამდნენ კვატულებს (პატარა კვახებს,). კვატულებს შუა გამავალი თევზი ანკესის წვერზე ეგებოდა. ანკესის საინტერესო სახეობაა ჭინო, რ-საც ლითონის ნაცვლად ოქროსფრად შეღებილი აბრშუმისაგან ამზადებდნენ. როდესაც ძაფზე გამობმულ ჭინოს წყალში გადაისროდნენ, სარგანა (თევზის ჯიშია) დაედევნებოდა და დაიჭერდა, ჭინო კი წვრილ კბილებს შუა გამოედებოდა. ჭინოს ლაზები მხოლოდ სარგანაზე თევზაობის დროს ხმარობდნენ.

ა. დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ა. შეიძლება ყველა სახის წყალსაცავებში, ამასთან, დაცული უნდა იყოს წესები, რ-ებიც თევზი მარაგის დაცვისა და აღწარმოების მიზნით დაწესებულია სათანადო სახელმწ. ორგანოების მიერ.

ლიტ.: აბესაძე ნ., მეაბრეშუმეობა საქართველოში. თბ., 1957.

ლ. მირიანაშვილი