ანტიოსმალური კოალიციები XV–XVII სს-ში, ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად კოალიციის შექმნის რამდენიმე ცდა ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნების მონაწილეობით.
ა. კ-ის ერთ-ერთი ინიციატორი იყო რომის პაპი. ამ მიზნით მან აღმ. ქვეყნებში და მ. შ. საქართველოში გაგზავნა თავისი წარმომადგენელი ლუდოვიკო ბოლონიელი. საქართვ. მეფე-მთავრებმა მიიღეს რომის პაპის წინადადება. ა. კ-ში შევიდნენ საქართვ. მეფე გიორგი VIII, სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II, იმერეთის გამგებელი ბაგრატი, სამეგრელოს, გურიისა და აფხ. მთავრები; კოალიციაში შევიდნენ აგრეთვე ტრაპიზონის კეისარი, მცირე სომხეთის მთავარი, ახლო აღმოსავლეთის მაჰმადიანი მმართველებიდან აყ-ყოიუნლუს მბრძანებელი უზუნ-ჰასანი, ყარამანიისა და სინოპის გამგებლები. მათ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა შეიმუშავეს.
ქართველები მოკავშირეებითურთ უნდა შეჭრილიყვნენ ოსმალთა მცირე აზიის სამფლობელოებში, ხოლო ევროპელები დას-იდან – საბერძნეთის მხრიდან მიიტანდნენ იერიშს, ალყაში მოაქცევდნენ მტერს და დაამარცხებდნენ. 1459 ყვარყვარე ათაბაგი ბურგუნდიის ჰერცოგს წერდა: „გპირდებით, რომ ერთი ზაფხულის განმავლობაში დავიპყროთ მთელი ანატოლია და ყველა ქალაქი, რომელნიც კონსტანტინოპოლელ ოსმალოს ამ მხარეს უკავია, ხოლო მისი მეორე ადგილები, რომელშიც საბერძნეთია და რომელსაც შავი ზღვა ჰყოფს, თქვენ დაგიტოვეთ დასაპყრობად; მისი აღება ადვილი იქნება, რადგან, როდესაც სულთანი ასე ორ ჯარს შუა მოექცევა, ვეღარ გაუძლებს...“. 1459 დამლევს დას. ევროპაში გაემგზავრა აღმ. ქვეყნების ელჩობა ლუდოვიკო ბოლონიელის მეთაურობით, რ-ის შემადგენლობაში იყვნენ ტრაპიზონის იმპერატორის წარმომადგენელი მიქაელ ალიგიერი, საქართვ. მეფის გიორგი VIII-ისა – ნიკოლოზ თბილელი, ყვარყვარე II ათაბაგისა – ფარსადანი, აყ-ყოიუნლუს გამგებელ უზუნ-ჰასანისა – მუჰამედ თურქმანი, მცირე სომხეთის გამგებლისა – მორატ არმენიელი. 1460 ოქტ-ში ისინი ვენაში ჩავიდნენ, სადაც შეხვდნენ გერმანიის იმპ. ფრიდრიხ III-ს. იმპერატორმა მოიწონა ა. კ-ის ორგანიზაციის გეგმა. ვენიდან ისინი იტალიაში გაემგზავრნენ. ყვარყვარეს ელჩმა ვენეციის დოჟს გადასცა ათაბაგის წერილი. 1460 წ. 14 დეკ. ისინი მიიღო ფლორენციის სენატმა. ფლორენციიდან აღმოსავლეთის წარმომადგენლები რომის პაპს ეახლნენ. პაპმა ისინი დიდი პატივით მიიღო, მაგრამ რადგანაც მანტუის კონგრესზე ევრ. სახელმწიფოების მეფე-მთავრები ვერ შეთანხმდნენ ოსმ. წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე, პაპმა რეალური დახმარება ვერ აღმოუჩინა მათ. 1461 წ. 13 იანვ. პაპის პიუს II-ის რჩევით და მისი სარეკომენდაციო წერილებით აღმოსავლეთის წარმომადგენლები დას. ევროპის ქრისტიანი სახელმწიფოების მესვეურებთან პირადად მოლაპარაკების მიზნით ჯერ საფრანგეთის მეფეს, შარლ VII-ს წარუდგნენ, შემდეგ ბურგუნდიის ჰერცოგს, ფილიპს, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ა. კ-ის მოწყობის ცდა მარცხით დამთავრდა.
1595 სიმონ ქართლის მეფეს, ალექსანდრე კახთა მეფესა და შაჰ-აბასს შორის დაიდო კავშირი ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ მათ წერილობით აცნობეს რომის პაპს, ავსტრიის იმპერატორსა და ესპანეთის მეფეს. სიმონ მეფე ესპანეთის მეფეს ფილიპე II-ს სწერდა: „მე, სიმონი, გურჯისტანის ხანი, ალექსანდრე, კახეთის ხანი, შაჰ-აბას სპარსელი, ჩვენ სამთავე გავერთიანდით და შევკავშირდით, ამასთან მოვილაპარაკეთ, გადავწყვიტეთ და აღთქვით, რათა ავმხედრდეთ ოსმალეთზე, გავათავისუფლოთ წმინდა იერუსალიმი და ვიხსნათ ქრისტიანები ოსმალთა ხელთაგან“. სიმონ მეფე თავის წერილებში ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ ა. კ-ის ინიციატივა ავსტრიის იმპერატორს ეკუთვნოდა და რომ მან პირველმა მიმართა სიმონ მეფეს წერილებით და ქრისტიანობის საქმის დასაცავად მოუწოდა.
სამთა კავშირის (ირანი, ქართლი, კახეთი) წევრებმა 1596 ბოლოს ევროპაში გაგზავნეს ტერ-იაკობი, მასვე გაატანეს წერილები რომის პაპსა და ევრ. მონარქებისადმი. იაკობი ჩავიდა ვენეციაში, ვენაში, პრაღაში, რომში. რომის პაპმა კლემენტ VIII-მ მოიწონა საქართვ. მეფეებისა და ირანის შაჰის გეგმა, მაგრამ რეალური დახმარება ვერ აღმოუჩინა მათ. ამ დროს ევრ. სახელმწიფოებს შორის არ არსებობდა ერთსულოვნება ოსმალეთისადმი დამოკიდებულების საკითხში. თითოეული მათგანი საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებდა და არ იყო დაინტერესებული ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავებით. ამის გამო ევრ. სახელმწიფოების მონაწილეობით ა. კ-ის შექმნის ცდა უშედეგოდ დამთავრდა.
1625 მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლების შედეგად შაჰი აბას I დარწმუნდა, რომ ვერ შეძლებდა ქართველების წინააღმდეგობის დაძლევას და იძულებული შეიქნა თეიმურაზ I-თან კომპრომისზე წასულიყო და ეღიარებინა იგი ქართლ-კახეთის მეფედ. ახლა თეიმურაზს საფრთხე უშუალოდ ოსმ. მხრიდან ემუქრებოდა, ამიტომ მან 1626 ევროპაში გაგზავნა ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი) ა. კ-ის ორგანიზაციის მიზნით (რასაც ადასტურებს ესპ. არქივებში ჯ. ვათეიშვილისა და ი. ტაბაღუას მიერ გამოვლენილი მასალები). თუმცა ქართ. ისტორიოგრაფიაში გაბატონებულია შეხედულება, რომ ეს ელჩობა უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავდა ევროპაში ირანის წინააღმდეგ მოკავშირეების ძიებას (გ. აკოფაშვილი, ბ. გიორგაძე, ჯ. ვათეიშვილი, ს. კაკაბაძე და სხვ.).
1627 იანვარში ნიკიფორე ირბახი იტალიიდან მადრიდში ჩავიდა. იგი მიიღო ესპ. მეფემ ფილიპე IV-მ. ირბახმა თეიმურაზ მეფის სახელით ა. კ-ის პროექტი შესთავაზა. საქართვ. მეფე ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად დაახლ. 120 ათ. ჯარისკაცს გამოიყვანდა. 1627 შემოდგომაზე ქართველები იერიშს მიიტანდნენ ტრაპიზონზე და აქედან შეიჭრებოდნენ ოსმ. სიღრმეში. ქართველებს დახმარებას აღმოუჩენდნენ კაზაკები, ( მათ დროს შავ ზღვაზე გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ) და პოლონეთის მეფე. ანატოლიაში შეჭრის შემდეგ მათ დახმარებას აღმოუჩენდა აბაზა მეჰმედ-ფაშა, არზრუმის გამგებელი. ქართველთა ჯარი დაიკავებდა ანატოლიას, ბურსას და იქიდან გავიდოდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, საიდანაც ესპანეთის ფლოტთან ერთად შეუტევდა ოსმ. დედაქალაქ კონსტანტინოპოლს. ა. კ-ში უნდა შესულიყო ირან. შაჰიც, რ-საც ოსმალეთის წინააღმდეგ იერიში უნდა მიეტანა ალეპო-დამასკის მიმართულებით.
1628 იანვარში ნიკიფორე ირბახი მადრიდიდან რომში ჩავიდა. აქ იგი მიიღო რომის პაპმა ურბან VIII-მ. რომიდან ნიკიფორე ირბახი ჩრდ. იტალიაში გაემგზავრა, იქიდან ლიტვა-პოლონეთში და 1620 აგვ-ში სამშობლოში დაბრუნდა. მართალია, ამ დროს ევროპაში ანტიოსმ. განწყობილება ძლიერი იყო და ესპ. მეფე და რომის პაპი დადებითად შეხვდნენ ამ იდეას, მაგრამ გადაჭრით გამოსვლა ოსმალეთის წინააღმდეგ არ ისურვეს. ა. კ-ის ორგანიზაცია ვერ განხორციელდა, მიუხედავად ამისა, მას გარკვეული მნიშვნელობა აქვს ევრ. სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობის შესასწავლად.
ლიტ.: აკოფაშვილი გ., ქართველი დიპლომატი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი – ნიკიფორე ირბახი, თბ., 1977; ბერიძე ი., ჯვაროსნული ლაშქრობისა და ანტიოსმალურ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1965, № 4, გვ. 59 – 67; გაბაშვილი ვ., ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI – XVII სს.), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; ვათეიშვილი ჯ., ნიკიფორე ირბახის ნაკვალევზე. ქართველი დესპანი ესპანეთში XVII ს. I მესამედის დამლევს, «კომუნისტი», 1983, 31 ივლისი, 3 – 4 აგვისტო; თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902; პაიჭაძე დ., ლუდოვიკო და ბოლონია და ქართველთა ელჩობა დასავლეთ ევროპაში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1983, № 4, გვ. 49 – 71; ტაბაღუა ი., ნიკიფორე ირბახის ელჩობა ევროპაში, კრ.: საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII – XX ს. I მეოთხედი), ტ. 2, თბ., 1986.
მ. სვანიძე