ანჩისხატი

ანჩისხატი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია თბილისში.

მდებარეობს მტკვრის მარჯვ. ნაპირზე ძვ. უბანში (კალაში). აგებულია VI ს. დასაწყისში ვახტანგ გორგასლის ძის დაჩი უჯარმელის მეფობის დროს. ეს უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში მოხსენიებული „მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ“. ეკლესიის ძვ. სახელი არ შემორჩენილა, ა. კი XVII ს-ში ეწოდა, როცა აქ დაასვენეს სამხრ. საქართველოში თურქების დამკვიდრების გამო ანჩის მონასტრიდან წამოღებული ბექა ოპიზარის მიერ XII ს. დასასრ. მოჭედილი მაცხოვრის ძვ. „ხელთუქმნელი ხატი“ (იხ. ანჩის კარედი ხატი).

ა-ის სამნავიანი ბაზილიკა უძველესი შენობაა თბილისში. ნაგებია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII ს. რესტავრაცია). ბოძების ორ წყვილზე ამოყვანილი თაღების საშუალებით ეკლესია სამ ნავადაა გაყოფილი (თავდაპირველად ბოძების სამი წყვილი იყო). შესასვლელიც სამია – ჩრდ., სამხრ. და დას. მხრიდან. საკურთხევლის აფსიდი მოქცეულია ეკლესიის საერთო სწორკუთხა მოხაზულობის ფარგლებში. საკურთხევლის გვერდით აქ უკვე არის სადიაკვნე და სამკვეთლო. აფსიდს, ნავებს შორის ამოყვანილ ერთ თაღსა და ღია ლუნეტებს დას. და ჩრდ. შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმა აქვს. ა-ის ისტორია აგებიდან XVII ს-მდე უცნობია.

1675 დომენტი კათალიკოსმა აღადგინა იგი და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო – ფეოდ. ხანის ქართ. ხუროთმოძღვრების საინტერესო ნიმუში; 1683 ნიკოლოზ კათალიკოსის თაოსნობით ეკლესია მოხატეს. ერეკლე II-ის მეფობაში ა-თან დაარსდა აკადემია. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX ს. დასაწყისში აღადგინეს. 1814 ხელმეორედ მოხატეს. იმავე საუკ. 70-იან წლებში ეკლესიას ზემოდან ულაზათო, ყალბი გუმბათი დაადგეს და დას-იდან მიაშენეს უშნო და ტლანქი მრავალსართულიანი სამრეკლო.

1958–64 სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად (ხელმძღვ. არქიტ. რ. გვერდწითელი) გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები. ძეგლი ნაწილობრივ გათავისუფლდა გვიანდ. დანამატებისაგან – მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლო, მოიხსნა XIX ს. მხატვრობის ნაწილი (შიდა კედელზე) და შენობას დაახლ. ისეთი სახე დაუბრუნდა, როგორიც მას XVII ს-ში ჰქონდა დომენტი კათალიკოსის დროს.

სამრეკლო, ეკლესიის დას-ით, მოშორებით დგას. მისი კუბური კორპუსის I სართული ეკლესიის ეზოში ჩასასვლელს წარმოადგენს, II-ზე კი აგურით ამოყვანილი სათავსებია. საკუთრივ სამრეკლოს ფანჩატური ქვისაა და დაგვირგვინებულია აგურის პირამიდული სახურავით. ქუჩის ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, ჩასმულია ქვა, რ-ზედაც მხედრული წარწერაა. მასში დომენტი კათალიკოსი გვამცნობს შენობის აგებისა და ეკლესიის განახლების ზუსტ თარიღს ვახტანგ V-ის (შაჰნავაზის) მეფობაში. გვიანდ. ფეოდ. ხანში ა-ის ეკლესია კულტ. მნიშვნელოვანი კერა იყო. XVII ს-ში სამცხიდან ანჩისხატს ჩამოჰყოლია მღვდელი პეტრე მესხი ოჯახითურთ, რ-ის შთამომავლებმა საფუძველი ჩაუყარეს შესანიშნავ კალიგრაფთა – მესხიშვილთა – მთელ დინასტიას. (იხ. სტ. ალექსი-მესხიშვილები).

ლიტ.: გვერდწითელი რ., ანჩისხატის რესტავრაცია, «ძეგლის მეგობარი», 1966, № 7; კარბელაშვილი პ., ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში. ისტორიული მიმოხილვა, ტფ., 1902; ჩუბინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936.

რ. გვერდწითელი