ანჩისხატის უბანი, ძვ. თბილისის ერთ-ერთი უბანი, მოიცავდა ანჩისხატის ეკლესიის მიდამოებს. ჩრდ-ით საზღვრავდა ქალაქის გალავანი (ახლანდ. ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივ), აღმ-ით – მტკვარი, სამხრ-ით – მეფის სასახლე, ე. წ. ბატონის სასახლე (ახლანდ. ერეკლეს მოედანთან), დას-ით – ახლანდ. ავლევის ქუჩა.
ქალაქში შესასვლელი ერთ-ერთი გზა ავანაანთ ხევზე (ახლანდ. ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩები) გადებული ხიდით და „დაბლა კარის“ ანუ „წყლის კარის“ (ძვ. თბილ. ერთ-ერთი კარი) გავლით პირველად ა. უ-ში შედიოდა. „წყლის კარიდან“ ბატონის მოედნამდე მტკვრის პარალელურად მიდიოდა ქუჩა, რ-საც კარის ახლოს „წყლის კარის ქუჩას“ ეძახდნენ, ხოლო მის გაგრძელებას – „ანჩისხატის ქუჩას“. ეს ქუჩა წარმოადგენდა ა. უ-ის ცენტრ. ნაწილს, სადაც ძირითადად ქართვ. არისტოკრატია ცხოვრობდა.
XV – XVI სს-ში ანჩისხატის ქუჩაზე მხოლოდ ბატონიშვილები ცხოვრობდნენ. XVII ს-იდან კი ამ რ-ნში სხვა თავადებიც დასახლდნენ. XVIII ს-ში უბანში იყო მთავარეპისკოპოსის, მუხრანბატონების, ამილახვრების, არაგვის ერისთავების, ქსნის ერისთავების, ორბელიანების, ციციშვილების, გედევანიშვილების, გერმანოზაშვილების, აბაშიძეებისა და სხვათა სასახლეები.
წყარო: დოკუმენტები თბილისის ისტორიისათვის (XVI – XIX სს.), ნ. ბერძენიშვილის რედ., [ტ.] 1, თბ., 1962.
ლიტ.: ბერძნიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში (ქართ. დოკუმ. მასალის მიხედვით), თბ., 1965.
მ. ბერძენიშვილი