ანწლი (Sambucus), ყვავილოვან მცენარეთა გვარი ცხრატყავასებრთა ოჯახისა.
ბუჩქები და პატარა ხეებია, იშვიათად - მრავალწლოვანი ბალახები. ცნობილია 40 სახეობა, რ-იც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპ. ზონებში (გარდა ცენტრ. და სამხრ. აფრიკისა). საქართველოში ა-ის 2 სახეობაა – დიდგულა (S. nigra) და საკუთრივ ა. (S. ebulus), რ-იც მყრალი ბალახოვანი მცენარეა; აქვს სწორი, 0,5 – 1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, ქოლგის მსგავს საგველად შეკრებილი თეთრი ყვავილები, შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში – ფოთლოვან ტყეებში, ტყისპირებსა და მინდვრებში, დანაგვიანებულ ადგილებში და სხვ., ზოგჯერ ქმნის რაყას.
ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს იყენებენ ხალხურ მედიცინაში ოფლმდენ, შარდმდენ და შემკვრელ საშუალებად.
ლ. ხინთიბიძე