ადარნასე პატრიკი, ჰერეთის მეფე (დაახლ. 906–943). ტახტზე ავიდა გრიგოლ ჰამამის გარდაცვალების შემდეგ. მისი მეფობის დროს ჰერეთის სამეფოს ენერგიულად შეუტია კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკე I-მა. იგი დაუკავშირდა აფხაზთა მეფეს კონსტანტინეს და დაახლ. 915 მასთან ერთად ილაშქრა ჰერეთში. მოკავშირეებმა ჰერეთი დაიპყრეს და გაინაწილეს.
ვეჯინის ზავის თანახმად, ა. პ-მა მოწინააღმდეგეებს დაუთმო ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტები: არიში და გავაზნი – კონსტანტინეს, ხოლო ორჭობი – კვირიკეს. მაგრამ მოკლე ხანში ა. პ-მა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო პოლიტიკის გართულებით და აღნიშნული პუნქტები ისევ უკან დაიბრუნა. ა. პ. უნდა იგულისხმებოდეს ერედვის წმ. გიორგის ეკლესიის სამშენებლო წარწერის (დაახლ. 914) „ჰერთა მეფეში“. არაბი ავტორი მასუდი (X ს.) ა. პ-ს ადარნესე იბნ-ჰამამის სახელწოდებით იხსენიებს.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: ლორთქიფანიძე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.), თბ., 1963; პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.
თ. პაპუაშვილი