ალბი-იერდი

ალბი-იერდი, ქართული წარმომავლობის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქრისტიანული ეკლესია ინგუშეთში, თარგიმის ქვაბულში, მდ. ასის მარცხ. ნაპირზე.

ჩვენამდე მხოლოდ ეკლესიის ნანგრევებმა მოაღწია. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ერთნავიანი ნაგებობა იყო. ღრმა, ნალისებრი მოხაზულობის აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული. აღმ-ით და დას-ით მინაშენები ჰქონდა; ნაგებია ფიქლითა და კირის ხსნარით. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი სამხრ-იდან და დას-იდან აქვს. სამხრ. კედლის სარკმელთაგან შემორჩენილია ერთი – შუა სარკმელი, რ-იც ნალისებრი მოხაზულობის სათაურითაა დაგვირგვინებული. სამხრ. კედლის ფასადზე ამოყვანილია ორი მასიური პილასტრი, მათ ზედა ნაწილში გამომწვარი ქართული აგურით გამოყვანილი თაღის საყრდენი ქუსლებია, რ-ებიც, როგორც ჩანს, ამ მხარეს არსებული მინაშენის ცილინდრული კამარის თაღების საყრდენს წარმოადგენდა. ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია მხატვრობის მკრთალი კვალი, გამოირჩევა შარავანდის მოხაზულობა და ფიგურების დეტალები. ნახატი შესრულებულია ლურჯი და მოყავისფრო საღებავებით. ძეგლი გასაწმენდია და შესასწავლი.

იხ. აგრეთვე სტ. ინგუშეთის ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები.

ლიტ.: ქალდანი ა., ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში, «ძეგლის მეგობარი», 1988, № 1.