ალბუთაშვილი მათე ომანის ძე (I. 1863, სოფ. ჯოყოლო, ახლანდ, ახმეტის მუნიციპალიტეტი, – 1953, თელავი), მწერალი, ფოლკლორისტი, პედაგოგი. ქართ. პრესის ერთ-ერთი პირველი ქისტი თანამშრომელი. წერდა „ქისტი ჩობანის“ ფსევდონიმით. „ივერიასა“ და „მოგზაურში“ გამოაქვეყნა ფოლკლორულ-ეთნოგრ. მასალები, წერილები. საინტერესოა მისი ისტ.-ეთნოგრ. და გეოგრ. ნარკვევები, რ-შიც აღწერილია პანკისის ხეობა, მისი საზღვრები, ფლორა, ფაუნა, ქართ. და ქისტური ლეგენდები, თქმულებები, ჩაცმულობა, არქიტექტურა, ქორწილი, შეეხო შვილების აღზრდის თემას, სისხლის საზღაურს და სხვ. ამ ნაშრომის ერთი ნაწილი გამოქვეყნდა ჟურნ. „მოგზაურში“ (1904 № 1 – 2, გვ. 98 – 111, № 5 – 6 გვ. 419 – 445). ა. ავტორია მოთხრობებისა „მაგდანი“, „გებიშ ჰაჯი“, „მცირეწლოვანი მესისხლე“, „ყინტერ დეეხინი“, „ნათაგური“, „ნათლია სანდრო“ და სხვ. ბავშვებისთვის წერდა შარადებსა და გამოცანებს.
ლიტ.: ჯავახიშვილი გ., ნამცვრევი, «მეგზური», 1975, № 3, გვ. 199 – 208.
გ. ჯავახიშვილი