„ალექსანდრიანი“

„ალექსანდრიანი“, ლიტერატურული ძეგლი. მისი პირველწყაროა ძვ. ბერძნული თხზ. ალექსანდრე მაკედონელის შესახებ (ფსევდოკალისთენეს „ალექსანდრეს რომანი“; ვარაუდით ძვ. წ. II – I სს.). რომანის კვალი ჩანს ჯერ კიდევ IX ს. II ნახ. ძეგლში „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. ქართულად თარგმნილი უნდა იყოს არა უგვიანეს XI ს. ამ თარგმანს ჩვენამდე არ მოუღწევია. ციტატა „ალექსანდრეს რომანიდან“ გვხვდება ლეონტი მროველის ნაშრომში. XIV ს-ში სამხრ. ევროპაში შეიქმნა და ფართოდ გავრცელდა რომანის ახ., სერბ. რედაქცია, რ-ის ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურებაა ალექსანდრესა და როქსანეს ტრაგიკული სიყვარულის თემა. XV ს-ში გაჩნდა სერბ. რედაქციის რუს. ვარიანტი, რ-იც მცირეოდენი ცვლილებებით 1700 – 13 პროზად თარგმნა არჩილ მეფემ. 1713–24 არჩილის თარგმანი გალექსა მდივან-მწიგნობარმა პეტრე ჩხატარაისძემ, მანვე ხელახლა პროზაულად გადაამუშავა „ა.“, სრულიად გადააკეთა ზოგიერთი ეპიზოდი, დაურთო ახ. თემატური დეტალები, გააღრმავა ანტიმუსლ. ტენდენცია, გააძლიერა ქრისტ. მოტივი, შედარებისათვის მიმართა „ამირანდარეჯანიანის“, „ვისრამიანის“, „ვეფხისტყაოსნის“, „ლეილმაჯნუნიანის“, „იოსებზილიხანიანისა“ და სხვ. თხზ. გმირებს. „ა-ის“ სამივე ქართ. ვერსია დაცულია ხელნაწერების სახით; არჩილისა - საქართვ. ცენტრ. არქივში (№ 123), ხელნაწერთა ინ-ტში (H – 105) და სხვ.; პ. ჩხატარაისძისა, გალექსილი - ხელნაწერთა ინ-ტში (Q – 736), პროზაული - იქვე (H – 1204, S – 1514) და სხვ.

ლიტ.: ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1940; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; სიხარულიძე ფ., მოსკოვის ქართული ახალშენის ისტორიიდან, თბ., 1991.

გ. მიქაძე