ადერკი, ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის მეათე მეფე (ვახუშტის ქრონოლოგიით ა. ძვ. წ. 30 დაიბადა და მეფობდა ახ. წ. 1–57).
ლეონტი მროველისვე ცნობით, მისი მეფობის დროს ჩამოიტანეს მცხეთაში ქრისტეს კვართი ელიოზ მცხეთელმა და ლონგინოზ კარსნელმა. ა-მა სამეფო გაუყო თავის ორ ვაჟს. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ა-ს მოიხსენიებს როგორც ქართლის XI მეფე როკს, რ-ის მეფობის შემდგომ ქართლი ორ სამეფოდ გაიყო.
გ. მელიქიშვილი ა-ს ქართლის მეფე მითრიდატე I-თან აიგივებს. ს. კაკაბაძე ა-ის მეფობას ძვ. წ. II ს. I მეოთხედში ვარაუდობს.
წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963 (კანზე 1964).
ლიტ.: Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.
გ. მამულია