ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა, სახელმწიფოს ტერიტორიის დაყოფა განსაზღვრულ ნაწილებად – ადმ.-ტერ. ერთეულებად (მხარე, მუნიციპალიტეტი და სხვ.), რ-თა შესაბამისადაც ყალიბდება და მოქმედებს მართვა-გამგებლობის ადგილობრივი ორგანოების სისტემა.
ძვ. საქართვ. ა.-ტ. მ-ს საფუძვლად ედო გვაროვნ. საზ-ბიდან მომდინარე ისტ.-გეოგრ. პროვინციები, რ-ებიც მეტ-ნაკლებად შეესაბამებიან „ლიხთამერი“ და „ლიხთიმერი“ ქართველური ტომების ეთნ. საზღვრებს. საქართველო შედგებოდა რამდენიმე „ქუეყანისაგან“, როგორიცაა ქართლი და ეგრისი ანუ „საეგროჲ“ [ერთ დროს „ეგრისი“ მთელ დას. საქართველოს ერქვა, ხოლო „ქართლად“ იწოდებოდა მთელი „ლიხთამერეთი“ და თვით „ერთობილი“ საქართველოც კი – მიწა-წყალი „ყოვლისა ქართველთა ნათესავისაჲ“: მესხეთი, კახეთი, „მარგუეთი“ (არგვეთი), გურია და სხვა კუთხეები]. ლეონტი მროველის ცნობით, უკვე ქართლის სამეფოს დამაარსებელმა ფარნავაზმა (ძვ. წ. IV–III სს.) ქვეყანა სამხ.-ადმ. ერთეულებად – საერისთავოებად დაყო (იხ. სტ. ერისთავი). ასეთი დაყოფა საუკუნეთა მანძილზე არსებობდა. რამდენიმე საერისთავო შეადგენდა საერისთავთსაერისთავოს. თამარ მეფის პირველი ისტორიკოსის თხზულების (XIII ს.) მიხედვით, საქართვ. სამეფოს ტერიტორიაზე მსხვილი საერისთავთსაერისთავოები იყო: დას. საქართველოში – სვანთა, რაჭა-თაკვერის, ცხუმისა და ოდიშის; აღმ. საქართველოში – ქართლის, კახეთის, ჰერეთისა და სამცხის. უძველესი ქართ. ადმ.-ტერ. ერთეულია ხევი და დასახლების ძირითადი ობიექტები – სოფელი. არსებობდა სამოურავოებისა და სადროშოების (სამხ. ადმ.-ტერ. ერთეულების) სისტემა, აგრეთვე საპიტიახშო (ქართლისა) და სანაპიროები – საზღვრისპირა ოლქები (იხ. სტ. მონაპირე). უცხოელ დამპყრობლებს ქვეყნის ტერიტ. ორგანიზაციის, ა.-ტ. მ-ის თავიანთი წესები და ერთეულები შემოჰქონდათ, რაც მათ დამპყრობლურ მიზნებს ემსახურებოდა. ასე გაჩნდა საქართველოში ირან. შაჰრი – მარზპანის საგამგებლო ადმ. ერთეული (მოიცავდა ქართლს), არაბ. საამირო (იხ. თბილისის საამირო), მონღ. დუმანი (დუმნებად დანაწილებამ, მიუხედავად იმისა, რომ მალე გაუქმდა, საკმაოდ შეარყია საქართვ. პოლიტ. მთლიანობა), ოსმ. ვილაიეთი („გურჯისტანის ვილაიეთის“ შექმნა საქართვ. ტერიტ. მთლიანობის დარღვევას, სამცხე-საათაბაგოს – ქვეყნის მიწა-წყლის ერთი მესამედის დაკარგვას მოასწავებდა. იხ. სტ. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“). საქართველოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ დამყარდა რუს. ფეოდ.-ბატონყმური სახელმწიფოს სამხ.-საოკუპაციო მმართველობა. ძალდატანებით გაუქმებული ქართ. სახელმწიფოებრიობის ნაცვლად შეიქმნა 2 გუბერნია – თბილისისა და ქუთაისის და 2 ოლქი (ოკრუგი)– ბათუმისა და სოხუმის; ჩამოყალიბდა მაზრები (უეზდი), განხორციელდა მმართველობის სრული რუსიფიკაცია. სამაზრო დაყოფა ძალაში დარჩა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც (1919 წ. 30 იანვრამდე აქ გუბერნიებიც არსებობდა). ერთხანს იგი საბჭ. ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგაც იყო. ამასთანავე ქართ. სახელმწიფოებრიობის აღდგენას (1918 წ. 26 მაისი) მოჰყვა სახელმწ. აპარატის გაქართულება. საქართვ. გასაბჭოების მომდევნო წლებში დაიწყო ხშირი ექსპერ. ცვლილება რესპ. ა.- ტ. მ-ში (მოქმედებდა საგანგებო ადმ. კომისია, რ-საც ევალებოდა საქ. სსრ ტერიტ. დაყოფის საკითხების განხილვა და სათანადო დასკვნების შემუშავება). მიუხედავად ამისა, ადმ.-ტერ. დაყოფის მტკიცე სისტემის შექმნა კარგა ხანს ვერ მოხერხდა. 1921 წ. 8 მარტს მოწონებული საგუბერნიო ერთეულები იმავე წლის 16 აპრ. გაუქმდა. საქართვ. რევკომის 1921 წ. 8 აპრ. დეკრეტით განისაზღვრა სათემო (თემი საშუალოდ მოიცავდა 10 სოფელს), რ-ნული, საქალაქო და სამაზრო სისტემა. სათემო ადმ. ერთეული მალე სასოფლოთი შეიცვალა, მაგრამ 1925 კვლავ აღადგინეს, რ-ნული სისტემა კი 1922 იანვარში გაუქმდა. 1929 წ. 13 აპრ. საქართვ. საბჭოების V ყრილობამ მიიღო დადგენილება, რომ ეკონ. პრინციპის საფუძველზე გატარებულიყო სამსაფეხურიანი დარაიონება (ოლქი, რ-ნი, სოფსაბჭო), პრაქტიკულად კი შეიქმნა ოლქები (თბილ., კახეთის, გორის, ქუთ.), მაზრები (ცალკე დარჩა ახალქალაქის, ახალციხის, ოზურგეთის, სენაკის, ზემო სვანეთის, ზუგდიდის მაზრები), რ-ნები და სოფლის ადმ.-ტერ. ერთეულები. 1930 წ. 30 ივლ. გაუქმდა ოლქები და მაზრები, დარჩა ორსაფეხურიანი ადმ.-ტერ. სისტემა (ცალკე ერთეულებად გამოიყო ქ-ები თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და სოხუმი). 1937 მიღებულ საქ. სსრ კონსტიტუციაში ჩართული იყო რ-ნების, აგრეთვე იმ ქ-ების ნუსხა, რ-ებიც არ შედიოდნენ რ-ნების შემადგენლობაში. 1951 ნოემბერში კვლავ შეიქმნა და 1953 აპრილში ისევ გაუქმდა თბილ. და ქუთ. ოლქები. ასევე მიზანშეუწონელი აღმოჩნდა სასოფლო რ-ნების გამსხვილება (1963), რასაც მალე მოჰყვა მათი დაყოფა ისევ წვრილ ერთეულებად.
1995-თვის საქართვ. რესპ. ადმ.-ტერ. ერთეულებია რ-ნი, ქალაქი, ქალაქის რ-ნი, დაბა, თემი და სოფელი. ცნობები საქართვ. რესპ. ა.-ტ. მ-ის შესახებ იხ. სტატიაში საქართველოს რესპუბლიკა.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, [ნაწ.] 1 – 2, თბ., 1977 – 80; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970, გვ. 573 – 575, 648 – 652; ტ. 2, თბ., 1973, გვ. 144 – 147, 248, 295 – 296; ტ. 3, თბ., 1979, გვ. 82 – 84, 359 – 367, 552 – 553; ტ. 4, თბ., 1973 გვ. 150 – 155, 237 – 242, 824 – 829; ტ. 5, თბ., 1970 გვ. 127 – 136, 303 – 312, 320 – 328, 641 – 642, 696 – 726; ტ. 6, თბ., 1972, გვ. 397 – 398, 419 – 420, 573 – 574; ტ. 7, თბ., 1976, გვ. 70 – 72, 246 – 253; ფუტკარაძე ი., საქართველოს საბჭოთა სახელმწიფოებრიობის განვითარება, თბ., 1969, გვ. 14, 42–43, 67–71, 131 – 133, 145 – 146; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2); მისივე, ქართული სამართლის ისტორია, წგ. 1, თბ., 1982 (იქვე, ტ. 6).
ი. ფუტკარაძე