აეროპორტი

აეროპორტი (ბერძნ. Aēr – ჰაერი და ლათ. portus – ნავსაყუდელი), საჰაერო პორტი, შენობათა (აეროდრომის ჩათვლით) და აღჭურვილობათა კომპლექსი, საჰაერო ტრანსპ. საწარმო, რ-იც უზრუნველყოფს რეგულ. სამგზავრო, საფოსტო და სატვირთო გადაზიდვას, თვითმფრინავების ტექ. და კომერც. მომსახურებას. ა-ის ელემენტებია: აეროდრომი (საფრენი ზონა, აეროტორია), სამგზავრო კომპლექსი (აეროვაგზალი, სასტუმრო და ა. შ.), სატვირთო კომპლექსი (სატვირთო ვაგზალი, ბაქანი და ეზო), რადიოსანავიგაციო, ავიასაწვავით მომარაგების, თვითმფრინავის ტექ. მომსახურებისა და დამხმარე-საწარმოო დანიშნულების შენობები და ნაგებობები, სამეთაურო სადისპეჩერო პუნქტი.

საქართველოში ა-ის მშენებლობა დაიწყო 1923. პირველი საბაზო აეროპორტი თბილისში აშენდა 1932. ახლანდ. ა. პირველ კლასს მიეკუთვნება და აქვს ორი ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი, რ-იც თავისი ტექ. დონით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. ქალაქიდან დაშორებულია 18 კმ-ით. თბილ. ა-ს უკავია 50 ჰა ფართობი. ა. საქართველოში (თბილისის გარდა) არის ქუთაისში, სოხუმში, ბათუმში, მესტიაში, თელავში და სხვ. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ა-ები არის საერთაშ. აეროპორტები, საიდანაც ფრენებს 40-მდე ავიაკომპანია ასრულებს.