ავალიანი დავით ნიკოლოზის ძე [15 (27). X. 1874, სოფ. ქვემო ქვიტირი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 1932, ქუთაისი], პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
დაამთავრა ქუთ. კლასიკური გიმნაზია. იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი (1903–21), კულტ.-საგანმან. და საქველმოქმედო ორგანიზაციების („ქართველთა შრომის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“, წიგნის საგამომცემლო ამხანაგობა, ღარიბ სტუდენტთა დამხმარე საზ-ბა და სხვ.) აქტ. მონაწილე. 1906-იდან მუშაობდა ქუთ. ქალაქის თვითმმართველობაში (იყო გამგეობის მდივანი), საადგილმამულო ბანკში და სხვ.
1897-იდან მისი წერილები, ნარკვევები, თარგმანები, თეატრ. რეცენზიები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართ. და რუს. პრესაში („ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „სახალხო ფურცელი“, „გრუზია“, „ვოზროჟდენიე“, „ჩერნომორსკი ვესტნიკი“, „ს.-პეტერბურგსკიე ვედომოსტი“ და სხვ.) ფსევდონიმებით: „დონ-ვალიანი“, „დამსწრე“, „ამხანაგი“, „ისარი“, „კირაკოზა“, „Он“, „Neuter“, „X“. თარგმნა „ორი მხატვარი“ (ავტორი უცნობია, თბ., 1912), მ. დიმიტრიევის „პაწია და ბუნგლია“ (ქუთაისი, 1902, 1926), ი. მავრის „ჩადრი“, რ. თაგორის საყმაწვილო მოთხრობები და სხვ.
ლ. ავალიანი