ავალიანი სიმონ ლუკას ძე

ავალიანი სიმონ ლუკას ძე (27. III. 1881, ქუთაისი, – 12. VIII. 1922, თბილისი), ისტორიკოსი.

1900 დაამთავრა ქუთ. გიმნაზია, 1904 – ოდესის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი. 1909 იყო ამავე უნ-ტის პრივატ-დოცენტი, მაგრამ მალე დაითხოვეს როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. 1909–16 მასწავლებლობდა ოდესის კერძო სასწავლებლებში და თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთში. იყო გაზ. „Южный кооператив“-ის რედაქტორი.

1916–18 პეტროგრ. უნ-ტის პრივატ-დოცენტია.

1919–20 ფინანსთა მინისტრის ამხანაგია დამოუკიდებელი საქართვ. მთავრობაში.

1919 აირჩიეს თბილ. უნ-ტის პროფესორად.

საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა საგარეო ვაჭრობის კომისარიატში, ხელმძღვანელობდა სახ. მეურნ. უმაღლესი საბჭოს საწარმოო-ტექ. განყ-ბას. 1921–22 იყო თბილ. პოლიტექ. ინ-ტის დირექტორი. დაწერილი აქვს 50-მდე შრომა ამიერკავკ. სოც.-ეკონ. ისტ. საკითხებზე. ქართ. ისტორიოგრაფიაში ერთ-ერთმა პირველმა მეცნიერულად შეისწავლა 1861 წლის საგლეხო რეფორმის ისტორია სამხრ. კავკასიაში. ა-ის გამოკვლევებს დღესაც დიდი მეცნ. ღირებულება აქვს. ა-მა თსუ-ში პირველმა წაიკითხა ლექციების კურსი კოოპერაციის, დას. ევროპის ეკონ. ისტორიის, საქართველოსა და დას. ევროპაში მიწათმფლობელობის, საქართველოში აგრ. რეფორმის, XIX–XX სს. საქართვ. ეკონ. ისტორიის, საქართვ. სამთამადნო მრეწვ. და სხვა საკითხებზე. პეტროგრადში თებ. რევოლუციის შემდეგ გამოაქვეყნა ნაშრომები რუს. არაპროლეტ. პარტიების შესახებ. მას ეკუთვნის მსოფლიო ისტ. სახელმძღვანელო და საუნივერსიტეტო კურსი კოოპერაციის დარგში.

თხზ.: Крестьянская реформа в Закавказье, СПб., 1911; Крестьянский вопрос в Закавказье, т. 1 – 3, Од., 1912 – 14; т. 4, Тфл., 1920; т. 5 (дополнительный), Тб., 1986; Очерки по крестьянскому вопросу в Закавказье, Од., 1913.

უ. სიდამონიძე