ავალიშვილის თეატრი, ქართული საერო თეატრი თბილისში, ერეკლე II-ის სამეფო კარზე.
დააარსა მწერალმა და დიპლომატმა გ. ავალიშვილმა 1791. სცენისმოყვარეთა დასის წევრები მაღალი წრის წარმომადგენლები იყვნენ (დ. ბაგრატიონი, დ. ჩოლოყაშვილი, თ. ანდრონიკაშვილი, ერეკლე II-ისა და გიორგი ბატონიშვილის ასულები). საჯარო წარმოდგენები იმართებოდა ე. წ. პალატაში. წარმოდგენის დაწყებამდე გ. ავალიშვილი აუდიტორიას მიმართავდა რეჩიტატივით, რ-ის საგანგებოდ გალექსილ ტექსტში თეატრი გამოცხადებული იყო თანამედროვეთა გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფის ხელშემწყობ საგანმანათლებლო დაწესებულებად.
დასმა პირველად წარმოადგინა „მეფე თეიმურაზი“, რ-საც გ. ავალიშვილს მიაწერენ. ამ პიესაში საქართველოს რუსეთთან დაახლოების იდეა იყო გატარებული. ა. თ. კლასიცისტური მიმართულებისა იყო. მის რეპერტუარში შედიოდა ზოგიერთი თავგასული ბატონისა და მეფის მოხელის მამხილებელი პიესები, მ. შ. ავალიშვილის მიერ თარგმნილი ა. სუმაროკოვის ნაწარმოებები: „რქის მატარებლის მიერ გამოსახვა კომედიისა“, „დედა რაყიფი ქალისა“, „უბნობა მკვდართა“ და სხვ.
ა. თ-მა იარსება 1795-მდე, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე.