ავარიის სახანო (ქართ. ისტ. წყაროებში – ღ უნძეთი, ხუნძახი), ფეოდალური სამფლობელო XII–XIX სს. დაღესტანში. ცენტრი – ხუნძახი.
XIII–XIV სს-ში ა. ს. ჯერ მონღოლებმა დალაშქრეს, შემდეგ თემურლენგმა; მაგრამ მაინც შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და XV ს. დასასრულიდან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა დაღ. პოლიტ. ცხოვრებაში, უცალ-ხანის (გ. 1568) და უმა-ხანის (გ. 1634) მმართველობის ხანაში ა. ს. მსხვილ ფეოდ. გაერთიანებად ჩამოყალიბდა და მოხდა თემური წესებისა და კანონების კოდიფიკაცია. უმა-ხანის მემკვიდრეების დროს დაღესტნის გავლენა ავარიის საზღვრებს გასცდა. ა. ს-ს პოლიტიკის წარმატებას ხელს უწყობდნენ აგრეთვე ჭარ-ბელაქნის ავარული თემები, რ-ებიც XVI ს-მდე კახეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათთან კავშირში ა. ს. მონაწილეობდა საქართველოზე ყაჩაღურ თავდასხმებში („ლეკიანობა“).
ქართლ-კახეთის მეფეები ეძებდნენ ა. ს-თან დაახლოების გზებს. ამასვე განაპირობებდა ორივე ქვეყნის რუსეთთან მზარდი ურთიერთობაც. XVI ს. მიწურულს რუს. ელჩობა კახეთში ა. ს-ს გავლით ჩავიდა. XVII ს. 30–40-იან წლებში ირანის ჩარევის შედეგად ეს გზა გადაიკეტა. თეიმურაზ I-მა რამდენჯერმე სცადა მისი გახსნა (1640 ლაშქრობა დიდოეთსა და ავარიაში). ა. ს-ს ურთიერთობა რუსეთთან XVII ს. I ნახევარში დაიწყო, ხოლო 1722 „სპარსეთის ლაშქრობის“ დროს დარუბანდში ჩასულ პეტრე I-ს ავარიის ხანიც ეახლა და მფარველობა სთხოვა. რუსეთის მოძალებამ გაამწვავა ვითარება კავკასიაში. 1741 ირანელთა ლაშქარი ნადირ-შაჰის სარდლობით ავარიისაკენ დაიძრა. ამ დროისათვის ა. ს. ძლიერ პოლიტ. ძალას წარმოადგენდა – მას ემორჩილებოდა ჭარ-ბელაქნის თემი, ხარკს უხდიდნენ დარუბანდისა და ყუბის ხანები. ნადირ-შაჰი დამარცხდა ხუნძებთან ბრძოლებში.
1753 მაჰომედმუსა-ხანმა, დაღ. სხვა მფლობელთა მსგავსად, ისევ რუსეთს სთხოვა მფარველობა. სოც. და პოლიტ. ნიადაგზე გამწვავდა ა. ს-ს ურთიერთობა საქართველოსთან: ხუნძთა ჩამოსახლება მდ. ალაზანს გაღმა კახურ სოფლებში, ყაჩაღური თარეშის გახშირება, რამდენიმე ძლიერი, ერთობლივი ლაშქრობა საქართველოში. თუმცა 1754 მჭადიჯვრის (დუშეთთან) და 1755 ყვარლის ციხეებთან ბრძოლებში ხუნძები სასტიკად დამარცხდნენ და მათი თარეშიც შესუსტდა, მაგრამ 1785 უმა-ხანი (მას ცოლად ჰყავდა თავად აბაშიძის ქალი) დიდი ლაშქრით ისევ შემოესია საქართველოს, სიღნაღთან ბრძოლაში გაიმარჯვა და ახალციხის საფაშოს მიაშურა.
ერეკლე II იძულებული იყო მისთვის ყოველწლიური ჯამაგირის დანიშვნით მოეპოვებინა მშვიდობა. 1800 უმა-ხანი დამარცხდა მდ. იორზე რუს-ქართველთა ერთიან ჯართან ბრძოლაში. ამის შემდეგ, 1802 მისივე თხოვნით რუსეთმა მიიღო ა. ს. თავის მფარველობაში, მაგრამ ა. ს-ს არ გაუწყვეტია კავშირი ანტირუს. ძალებთან (ალექსანდრე ბატონიშვილი, 1819 თავდასხმა რუს. სასაზღვრო ხაზზე). შემდგომ ა. ს-ს მმართველ ფენაში უთანხმოებამ იჩინა თავი. 1818 გაუქმებული ავარიის ხანის წოდება 1830 პასკევიჩმა აბუ სულთან ნუცალს უბოძა. მომდევნო წლებში გამძაფრდა ა. ს-ს მმართველთა წინააღმდეგობა საიმამოსთან.
1834 მეორე იმამმა, ხუნძმა ჰამზათ-ბეგმა ამოხოცა ავარიის ხანის ოჯახი. 1836 ხანად დაამტკიცეს აჰმედ-ხან მეჰთულელი. იგი სახანოს ჰაჯი-მურატთან ერთად მართავდა, მაგრამ განხეთქილების შემდეგ ეს უკანასკნელი შამილის მხარეზე გადავიდა და მისგან ავარიის ნაიბის წოდება მიიღო. 1843 კი შეიქმნა ა. ს-ს სამმართველო გ. ორბელიანის, ხუნძახის ციხე-სიმაგრის უფროსის, მეთვალყურეობით. შემდგომში ა. ს. საიმამოში შევიდა. 1859 ა. ს. ისევ აღადგინეს. კავკ. ომებში რუს. გამარჯვების შემდეგ, 1864 ა. ს-ც გაუქმდა – შეიქმნა ავარიის ოკრუგი.
ქრისტიანობა ა. ს-ში, ისევე როგორც სამხრ. დაღესტანში, IV–V სს-იდან ჯერ სამხრ. კავკასიიდან, ხოლო შემდგომ, კავკასიაში საქართვ. გავლენის ზრდის შესაბამისად (როდესაც „ღუნძთა სახლიც“ საქართველოს ვასალი ხდება), მხოლოდ საქართველოდან ვრცელდებოდა. ამას ადასტურებს არჩილ მეფის და აბიბოს ნეკრესელის მოღვაწეობა, მისიონერთა (პიმენ სალოსი, ანტონ ნაოხრებლის ძე) საქმიანობა, ღუნძთა საკათოლიკოსოს არსებობა, დღემდე შემორჩენილი ქრისტიანული ტაძრები (მაგ., სოფ. დათუნაში, ერთი ცნობის თანახმად, ქართველების აშენებულია 1363), სამარხები და სასაფლაოები, ქვის ჯვრები, XIV ს. ქართ.-ხუნძური (ხუნძური ენის უძველესი წერილობითი ძეგლი) და ქართ. წარწერები.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული კულტურის ისტორიისათვის მონღოლთა ბატონობის ხანაში, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, ბ., 1945; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; Очерки по истории Дагестана, т. 1, Махачкала, 1967.
პ. თოფურია