„ავთანდილ გადინადირა“

„ავთანდილ გადინადირა“, ქართული ხალხური საფერხულო ლექს-სიმღერა; საგმირო-სამონადირეო ბალადა, რ-იც გადმოსცემს ავთანდილის ნადირობისა და გმირული ბრძოლის ამბებს. გავრცელებულია საქართვ. თითქმის ყველა კუთხეში. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გმირთან ავთანდილთან, გარდა პერსონაჟის სახელისა, არაფერი აქვს საერთო. „ა. გ.“ დამოუკიდებელი ხალხ. ნაწარმოებია, მისთვის დამახასიათებელი შინაარსითა თუ გამომსახველობითი ხერხებით. მ. ჩიქოვანი მას ხალხ. „ვეფხისტყაოსანს“ მიაკუთვნებს. მისი უძველესი ჩანაწერი დადასტურებულია რუსთველის პოემის 1688 ნუსხაში.

ტექსტი: ქართული ხალხური პოეზია 12 ტომად, შემდგ. ქ. სიხარულიძე, ტ. 4, თბ., 1975.

ლიტ.: სიხარულიძე ქ., ვეფხისტყაოსანი და ქართული საგმირო პოეზია, კრ.: შოთა რუსთაველს, თბ., 1966; ჩიქოვანი მ., შოთა რუსთაველი და ქართული ფოლკლორი, თბ., 1966; ცაიშვილი ს., „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის ისტორია, ტ. 1, თბ., 1970.

ჯ. ბარდაველიძე