ავიტაბილე (Avitabile) პიეტრო დონ (XVII ს.), კათოლიკე მისიონერი, თეატინელი ბერი. 1626–28 თეატინელთა კათოლ. მისიის ხელმძღვანელი საქართველოში. 1628 წ. 14 დეკ. სხვა ორ მისიონერთან ერთად მოვიდა გორში. ხელისუფლებისა და მოსახლ. კათოლიკობისადმი ლოიალური დამოკიდებულებით წახალისებულმა ა-მ რომიდან სხვა მისიონერებიც (დონ ჯუზეპე მილანელი, არქანჯელო ლამბერტი) მოიწვია. მისიის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით და პოლიტ. მოსაზრებით თეიმურაზ I-მა 1630 ა. რომში გაგზავნა. მან ვრცელი მოხსენება წარუდგინა პაპს საქართველოს შინაპოლიტიკური, საგარეო, სარწმუნოებრივი მდგომარეობის შესახებ. 1632 წ. 10 ივლ. ა. მისიონერთა დიდი ჯგუფით კვლავ ჩამოვიდა საქართველოში. 1638 კი ისევ რომში დაბრუნდა.
ა-მ დაგვიტოვა საქართველოს, თავისი საქმიანობის საკმაოდ დაწვრილებითი აღწერა, რ-იც მნიშვნელოვანია ქართლის სამეფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ეკონ. მდგომარეობის, კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობის ურთიერთ-ბრძოლის ისტორიის შესასწავლად. მასში მოცემულია თეიმურაზ I-ის, როსტომ მეფის, იმამყული-ხანისა და დაუდ-ხანის (გვარად უნდილაძეები) მოღვაწეობის ცალკეული დეტალები. საინტერესოდაა გადმოცემული, თუ როგორ აღადგინა როსტომ მეფემ 1633 გორის ციხე. რელაციონი შეიცავს ძვირფას ცნობებს ქ. გორის შესახებ.
თხზ.: ცნობები საქართველოზე (XVII საუკუნე), შესავალი, თარგმანი და კომენტარები ბ. გიორგაძისა, თბ., 1977.
ლიტ.: თამარაშვილი ა., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.
ე. მამისთვალიშვილი