ავკვეთი

ავკვეთი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ვერას (ტანის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 1160 , გორიდან 17 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.

ვახუშტი ბატონიშვილთან მოხსენიებულია „აკეთად“ ისტ. ხოვლის ხევში. XV–XVIII სს-ში სოფელი შედიოდა ჯავახიშვილების სათავადოში. ძვ. ა. მდებარეობდა ახლანდ. ა-ის გაღმა, სოფ. ხოვლიდან 5 კმ-ზე, სადაც ახლა წმ. გიორგის ეკლესიაა (X–XI სს.). დარბაზული ეკლესია ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. დას. და ჩრდ. მხარეს მინაშენებია, რ-ებშიც კარებია გაჭრილი. ინტერიერი დანაწევრებულია ჩრდ. და სამხრ. კედლების პილასტრების ერთი წყვილით, რ-ებზედაც კამარის საბჯენი თაღია ამოყვანილი. პილასტრებს ეყრდნობა აგრეთვე გრძივი კედლების დეკორ. თაღებიც. კამარა ჩაქცეულია. ეკლესია შემოსილი იყო ნაცრისფერი ტუფით. საკურთხევლის წინ იდგა მწვანე ქვის მოჩუქურთმებული კანკელი (დაცულია საქართვ. ხელოვნ. მუზეუმში).

ჯ. გვასალია